2023 VW Golf R+ Hybrid-ს 400-ზე მეტი ცხენის ძალა ექნება
კომპანია აცხადებს, რომ სტანდარტული Golf R-ისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება.
Volkswagen-ს უკვე დიდი ხანია მძლავრი Golf R-ის გამოშვების იდეა აწუხებს. ჯერ კიდევ 2015 წელს მათ R400-ის კონცეპტი შეიმუშავეს. მართალია, ეს ვერსია წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა, მაგრამ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 400-ცხენისძალიანი Golf R-ის შეძენა 2023 წელს გახდება შესაძლებელი. ამ ინფორმაციას ავტომწარმოებელი ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ მოდელის დიზაინის მონახაზი არსებობს, რომელიც სტანდარტული Golf R-ისგან რადიკალურად განსხვავდება.
Golf R Plus-ის თუ უბრალოდ R+-ის ყველაზე საინტერესო დეტალი, რა თქმა უნდა, ძრავაა. გასაკვირია, მაგრამ „აუდიმ“ თავისი მწკრივული განლაგების 5-ცილინდრიანი ძრავის გაზიარებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, VW-ს 4-ცილინდრიანი ძრავის გაძლიერება თავისი ხერხებით მოუწევს, რათა 402 ცხენის ძალის (300 კილოვატის) მაჩვენებლს მიაღწიოს. მოგახსენებთ, რომ მომავალი სტანდარტული Golf R-ი 330 ცხენისძალიანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი.
Golf R Plus-ის ჰიბრიდული ვერსია არაა გამორიცხული. ასეთ კომბინაციაში საწვავზე მომუშავე ძრავა წინა თვლებს, ხოლო ელექტროძრავა უკანა თველბს აამუშავებს. თეორიების შექმნა უსაზღვროდ შეიძლება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2017 წელს „ფოლკსვაგენმა“ Golf GTI First Decade კონცპეტი წარადგინა, რომელსაც 410 ცხენისძალიანი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი ჰქონდა. კონცეპტი საინტერესო იმით იყო, რომ ავტომობილის რეჟიმიდან გამომდინარე იგი წამყვან თვლებს ცვლიდა, მაგალითად, სრულიად ელექტრო რეჟიმში უკანაწამყვანი ხდებოდა.
ჰიბრიდული ტექნოლოგია საინტერესო ჩანს, მაგრამ Golf R-ისთვის ეს შეიძლება ვერ გამოადგეს, რადგან ელექტროძრავების გარდა, მძიმე ელემენტების ტარება მოუწევს. დამატებითი აღჭურვილობა მომატებულ წონაში აისახება, რაც ავტომობილის მართვადობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ჰიბრიდს უპირატესობაც აქვს, რადგან უკან დიფერენციალი აღარ იქნება საჭირო და ელექტროძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი უკანა თვლებს შეყოვნების და ძალის დანაკარგის გარეშე აამუშავებს.
ეს „ფოლკსვაგენის“ R ვერსიის პირველი ჰიბრიდი არ იქნება, რადგან ახლახანს 456-ცხენისძალიანი Touareg R წარმოებაში ჩაუშვეს, რომლის ძალოვანი აგრეგატი 3-ლიტრიანი V6 და ელექტროძრავბისგან შედგება.