შერცხვენილი M5-ი!!! 12-ცილინდრიანი BMW E34
1989 წელს ერთერთ გერმანულ ავტოჟურნალში 12-ცილინდრიანი BMW E34 გამოჩნდა. ეს მოვლენა ისე იყო ნახსენები, როგორც M5-ის სირცხვილი. აშკარა იყო, რომ პატარა ტიუნინგ კომპანიას, სახელად Hartge-ს, ხმაურიანი ავანტიურა ჰქონდა დაგეგმილი. იმ პერიოდში M5 3.6-ლიტრიანი ძრავით იწარმოებოდა, რომელსაც 315 ცხენის ძალა ჰქონდა. ეს ამბავი მომდევნო წლებში 3.8-ლიტრიანი ძრავის გამოჩენამაც კი ვერ გადაფარა.
კომპანია Hartge-მ კაპოტის ქვეშ დიდი V12 მოათავსა, რომელიც BMW 850-დან აიღეს. მე-5 სერიის დიდი გაბარიტები ძრავის კომფორტულად მოთავსების საშუალებას ადვილად იძლეოდა, მხოლოდ აკუმულატორის საბარგულში გადატანა გახდა აუცილებელი, რამაც ხელი წონის გადანაწილებასაც შეუწყო.
საწყის ეტაპზე Hartge-ს ინჟინრებმა ძრავის კომპიუტერი გააუმჯობესეს და გამოსაბოლქვი სისტემა სრულად შეცვალეს. ეს სისტემა Supersprint-ს შეუკვეთეს. ძალის მატება მხოლოდ 15 ცხენის ძალით შემოიფარგლა, რაც კომპანიაში საკმარისად არ მიიჩნიეს და ძრავის მოცულობის 6 ლიტრამდე გაზრდა გადაწყვიტეს. საბოლოოდ, 12-ცილინდრიანი 6.0 მივიღეთ, რომელსაც დაპროგრამირებული ძრავის კომპიუტერი და ზემოაღნიშნული გამოსაბოლქვის სისტემა ჰქონდა. ავტომობილი ჯამში 480 ცხენის ძალასა და 620 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 1700-კილოგრამიანი მე-5 სერია 100-მდე 4.5 წამში, ხოლო 200-მდე 13 წამში ჩქარდებოდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 326 კმ/სთ-ს შეადგენდა. ეს მონაცემები 2023 წელსაც კი შთამბეჭდავია. ავტომობილს Bilstein-ის დაკიდების სისტემა დაუყენეს, სამუხრუჭე სისტემა კი პირდაპირ Hartge-ს სარბოლო მოდელიდან აიღეს.
ინტერიერში ყველა ოფცია ხელმისაწვდომი იყო. რაც შეეხება ექსტერიერს, ორიგინალური 17-იანი დისკები და აეროდინამიკური ბამპერები ავტომობილს ძალიან აგრესიულ იერს აძლევდა. ამ ავტომობილის ხმაზე და შესაძლებლობებზე ლეგენდები დადიოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მოდელის დამზადების შეკვეთა მიიღო კომპანიამ, დღემდე უცნობია, თუმცა ერთი რამ ვიცით, რომ 1989 წელს ეს ავტომობილი 150 000 დოლარი ღირდა და დღეს მას გაორმაგებულ ფასადაც კი ვეღარ შეხვდებით.