ეს კარტინგი 80-იანი წლების F1-ის ბოლიდზე სწრაფია
კარტინგს სიმძლავრისა და წონის ფარდობა McLaren Senna-ზე და GT3 კლასის სარბოლო მანქანებზე უკეთესი აქვს.
კარტინგი ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სახეობაა. მარტივი კონსტრუქციის მანქანები ადამიანებს საშუალებს აძლევს პროფესიონალურ რბოლებში იაფად მიიღონ მონაწილეობა.
პროფესიონალები კარტინგებზე უფრო მეტ ფინანსებს ხარჯავენ, რათა ადრენალინის დოზა უფრო გაზარდონ. დღეს ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მოგიყვებით, რომელიც სკოტ მანსელმა თავის YouTube არხზე წარმოგვიდგინა.
ამ ვიდეოთი სურდათ გაერკვიათ თუ როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კარტინგის მართვა. ამისათვის Rockingham Speedway-ის სარბოლო ტრეკი დაიქირავეს და Dicision 1 Superkart-ის ერთ-ერთ გუნდს დახმარებით მიმართეს.
მანსელმა, რომელიც პროფესიონალი პილოტია და Formula 1-ის კლასიკური ბოლიდების მართვის გამოცდილება აქვს, თანაწამყვანთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა დააპირა. კარტინგიდან გადმოსვლის შემდეგ კი ორივე მათგანს ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდათ - ეს საშიში და სახიფათოა.
მიუხედავად იმისა, რომ კარტინგს 100 ცხენის ძალა აქვს, ის მხოლოდ 145 კგ-ს იწონის. ეს ნიშნავს, რომ ცხენის ძალებისა და წონის ფარდობა ტონაზე 690 ცხენის ძალამდეა. ეს კი McLaren Senna-ზე და დღევანდელი GT3 კლასის სარბოლო მანქანაზე მეტია.
ამას კარტინგის გაბარიტებიც ემატება. ის მოკლე და ვიწროა, რის გამოც დაბზრიალებისკენ აქვს მიდრეკილება. ცივი საბურავების შემთხვევაში, ასეთი კარტინგის მფლობელები მოსახვევებში აქსელერატორის სატერფულზე შეხების რეკომენდაციასაც არ გასცემენ. ასეთ დროს ამ სატერფულს მხოლოდ მაშინ უნდა შეეხოთ, როდესაც გზა სწორია.
გამომცდელებმა ამ კარტინგის მართვა F1-საც შეადარეს. მათი თქმით, ვიბრაციის ეს რაოდენობა F1-ის ძრავის ვიბრაციებს საოცრად ჰგავს.
მანსელს ჰკითხეს იყო თუ არა ეს კარტინგი ყველაზე საშიში რამ, რაც ოდესმე უმართავს. მან თქვა, „დიახ, ალბათ, ადრეული 80-იანი წლების F1-ის ბოლიდებთან ერთად მისი მართვა ძალზედ სახიფათოა. მეტიც, მგონი ეს უფრო საშიშია.“