მოპარული, 20 წლის განმავლობაში ჩაძირული NSX-ი 8 500$-ად გაიყიდა
ამ Acura NSX-ს 39 000 მილი აქვს გავლილი და 20 წელი ჩრდილოეთ კაროლინას მდინარეში აქვს გატარებული.
თუ კიდევ რამე ხელჩასაჭიდი გჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარი სიგიჟის უმაღლეს მწვერვალზეა, მაშინ ამ Acura NSX-ს შეხედეთ. ამ მანქანამ მდინარის ფსკერზე 20 წელი გაატარა და ახლა 8 500$-ად გაიყიდა.
რბილად რომ ვთქვათ, ამ მანქანას რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი. ეს მანქანა შემთხვევით 2019 წელს იპოვეს. ის მყვინთავებმა აღმოაჩინეს. სავარაუდო იყო, რომ ამ ავტომობილს კრიმინალურ შემთხვევასთან ჰქონდა კავშირი.
მართლაც! მანქანის წყლიდან ამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს NSX-ი მოიპარეს. ქურდმა კი, უცნობი მიზეზის გამო, ის მდინარები ჩააგდო.
ეს გიჟური ისტორიაა, მაგრამ ამ ამბის შედეგი ისაა, რომ მანქანა რესტავრაციას არ ექვემდებარება. საინტერესოა, რომ მანქანას ძრავა არ აქვს. ფანჯრები ჩამტვრეულია, ინტერიერი წყალმცენარეებითაა სავსე. დანარჩენს კი სურათებზე თავადაც ხედავთ. გულდასაწყვეტია, რომ მანქანას ოდომეტრზე მხოლოდ 39 000 (62 764 კმ) მილი აქვს გამოსახული.
ასეთ მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი აუქციონზე 6 000$-იანი ნიშნულით შევიდა. საბოლოოდ კი 8 500$-ად გაიყიდა. სავარაუდოდ, ვიღაც თავზეხელაღებული ამ ავტომობილის რესტავრაციას აპირებს.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის (თუ მისგან რამე მაინც არის დარჩენილი) ასეთ ფასად შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ღირებულია NSX-ის პირველი თაობა ავტომოყვარულებისთვის.