საქართველო, კლასიკური ავტომობილები, ცვლილება
Aa
Aa

საქართველოში ანტიკვარულ მანქანებს სპეციალური სტატუსი მიენიჭებათ

ანტიკვარული და საკოლექციო მანქანებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების მიზნით, "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიციატივა დარეგისტრირდა.

როგორც ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კულტურისა და ტურიზმის განვითარებასთან.

აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, ნორმატიულ დონეზე იარსებებს კლასიკური ავტომობილის კატეგორია, რომელზეც შემდგომ გავრცელდება განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაცია.

„საავტომობილო კულტურის ხელშეწყობისთვის, ავტომუზეუმებისა, საავტომობილო კოლექციების განვითარებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდეს და დაცული იქნეს იმ კატეგორიის ავტომობილები, რომლებიც თავიანთი წლოვანებითა და შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენენ ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად. მსგავსი მნიშვნელობის ავტომობილების შეძენისა და მოვლისათვის აუცილებელია განსაკუთრებული პირობები, რაც, თავის მხრივ, ბადებს საკანონმდებლო რეგულაციის მასთან მისადაგების აუცილებლობას“, - წერია განმარტებით ბარათში.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება.

„ეს ცვლილება პირდაპირაა დაკავშირებული მიდგომასთან, რომელიც საერთოა, როგორც ევროკავშირის, ისე ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისათვის. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში, კლასიკური ავტომობილები უზრუნველყოფილი არიან გარკვეული საკანონმდებლო შეღავათებით. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ გვთავაზობს ამ ტერმინის განმარტებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ამ ტიპის ავტომობილის საკანონმდებლო დეფინიცია და ნათელი გახდეს თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი, რათა ჩაითვალოს ის კლასიკურად“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები და დასძენენ, რომ კლასიკური ავტომობილებისათვის განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგების შექმნამდე აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ამ ტიპის ავტომობილის საკანონმდებლო დეფინიცია, რისთვისაც მისი რეგლამენტირება უნდა მოხდეს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში.

კანონპროექტის მიღებით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება ახალი კატეგორია კლასიკური ავტომობილის სახით. ეს იქნება ძირითადი საკანონმდებლო ბაზა შემდგომში ამ კატეგორიისათვის შეღავათიანი რეგულაციების დაწესებისთვის.

„მიზანშეწონილია კანონპროექტის დროული ამოქმედება, შესაბამისად გათვალისწინებულია, რომ კანონი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან“, - წერია განმარტებით ბარათში.


წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები