17 წლის ბიჭმა მშობლების Corvette-ი მოიპარა და დაამტვრია
Chevy Corvette C5-ის თინეიჯერი მძღოლი სასამართლოში გამოიძახეს.
თინეიჯერები & მძლავრი სპორტული ავტომობილები - ეს დუეტი ხშირად სავალალოდ სრულდება ხოლმე. გასულ კვირას, ნიუ ჯერსიში, 17 წლის ბიჭმა მშობლებს C5 თაობის Chevrolet Corvette-ი მოჰპარა და დიდ შარშიც გაეხვა. მან უბრალოდ კი არ დააზიანა ავტომობილი, არამედ გაანადგურა.
შემთხვევა 11 მარტს მოხდა. 17 წლის ავტომოყვარულმა მშობლებს მანქანის გასაღები სთხოვა და სპორტული ავტომობილის მართვის სიამოვნების გამოსაცდელად წავიდა.
ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ თინეიჯერი გარკვეულ ქუჩებზე ზედმეტად სწრაფად გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ მოსახვევში კი კონტროლი დაკარგა და შენობას შეეჯახა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა მძღოლი არ დაშავებულა, რაც მანქანის დაზიანების დონიდან გამომდინარე მართლაც უცნაურია.
ჩამოწერილი Corvette-ის სურათები ტვიტერზე გავრცელდა. მანქანას დაზიანება საჭის მხარეს, გვერდზე აღენიშნება. სრულად განადგურებულია უკანა ფრთა. მოღრეცილია უკანა ბორბალიც. თავისი პოზიციიდანაა ამოვარდნილი საბარგულიც.
Corvette-ის ცხვირის სურათები არ გავრცელებულა. თუმცა, ვიცით, რომ მანქანა ბეტონის ბორდიურზე ახტა. სავარაუდოდ, დაზიანებული იქნება ძრავის განყოფილებაც და ოთხივე ბორბალიც. კარგი დღე არ დაადგებოდა დაკიდების სისტემის კომპონენტებსაც.
ადგილობრივმა პოლიციამ ახალგაზრდა მძღოლი სასამართლოში გამოიძახა. ის თავისი მშობლებისგანაც მოისმენდა ბევრ საყვედურს. თუმცა, აღსანიშნია, რომ მომხდარში მათი ბრალეულობაცაა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვასწავლის, რომ სანამ ავტომობილის გასაღებს არასრულწლოვან ან ახალბედა მძღოლებს გადავცემთ კარგად უნდა დავფიქრდეთ!