BMW-ს პანორამული „ჰედ-აფ“ მონიტორის წარმოება 2025 წელს დაიწყება
BMW-ს თავის ახალ ტექნოლოგიას Neue Klasse მოდელებში შემოგვთავაზებს.
კონცეპტუალური ავტომობილები არამხოლოდ ბრენდის სამომავლო დიზაინერულ ენას გვაცნობს, არამედ ახალ ტექნოლოგიებსაც წარმოგვიდგენს. ზუსტად ეს შემთხვევაა უახლეს, სრული ზომის „ჰედ-აფ“ ეკრანთან დაკავშირებით, რომელიც BMW i Vision Dee კონცეპტუალურ მოდელში ვიხილეთ. ასეთი ტექნოლოგიის სერიულად წარმოება 2025 წელს დაიწყება.
BMW-ს „პანორამული ხედვა“, iDrive-ის უახლეს მულტიმედიის სისტემასთან ერთად, Neue Klasse-ს მოდელებში იქნება ჩაშენებული. მიზანი ისაა, რომ საქარე მინა პროექტორის ზედაპირად იქცეს. ეს მძღოლებს მართვისას მეტ კონცენტრირებაში დაეხმარებათ და კოკპიტის ცალკეულ დეტალებზე ყურადღების გადატანა აღარ მოუწევთ.
როგორც BMW i Vision Dee კონცეპტუალურ მოდელზე ვნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია - სიჩქარე, დრო, მედია და სხვა - საქარე მინაზე მუდმივად იქნება გამოტანილი. ყველა ეს გამოსახულება მკაფიო იქნება და მძღოლს მისი აღქმა არ გაუჭირდება. ამას სხვადასხვა ფუნქციებიც დაემატება. კერძოდ, ეს „ჰედ-აფ“ მონიტორი სხვადასხვა გარემოში გადაადგილებისას მძღოლთან და მგზავრებთან, სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებით, ინტერაქციას შეძლებს.
ყველა ამ ფუნქციონალის გასაცნობად ზემოთ მიბმული ვიდეო უნდა გახსნათ.
ამ ტექნოლოგიას ყველა ის მოდელი მიიღებს, რომელსაც BMW Neue Klasse-ს სახელით გამოუშვებს. მათი წარმოება 2025 წელს დაიწყება. საბედნიეროდ, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. 2023 წლის მიუნხენის საავტომობილო ღონისძიებაზე მწარმოებელი უფრო მეტ საიდუმლოს გაგვიმხელს.