საქართველო, ავტოიმპორტი, სტატისტიკა
Aa
Aa

2022 წელს საქართველოში $1.6 მილიარდის ღირებულების ავტომობილები იყიდეს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩაკეტილი რუსული ბაზრის წყალობით, საქართველოს საავტომობილო ბაზარმა, გასულ წელს, შესანიშნავი ზრდა განიცადა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც საინვესტიციო ბანკმა დღეს გაასაჯაროვა. ჯამში, გასულ წელს, საქართველოში ავტომობილების იმპორტი 73.1%-ით გაიზარდა და $1.6 მილიარდი შეადგინა. ცხადია, ზრდა არის არამხოლოდ ფულადი ერთეულის კუთხით, არამედ რაოდენობრივადაც - 2022 წელს, საქართველოში 149 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც, თავისთავად, 18%-იან ზრდას ნიშნავს.

ავტომობილების იმპორტის მხრივ, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და გერმანია არიან. ამათგან, ცხადია, უდიდესი წილი, ტრადიციულად ამერიკაზე მოდის, საიდანაც, გასულ წელს, დაახლოებით $800 მილიონის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმპორტის კუთხით პირველი ადგილი სტაბილურად 2017 წლიდან დაიკავა, რადგან მანამდე, პირველობას იაპონია არ თმობდა.

საქართველოს მიერ 2022 წელს იმპორტირებული ავტომობილების ჯამური ღირებულება რეკორდულია - ამ დრომდე, ყველაზე დიდი, ანუ $1.1 მილიარდის ღირებულების ავტომობილები საქართველოში 2019 წელს შემოვიდა. პანდემიური 2020 წლის გარდა, როცა მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვები ჩამოიშალა და ქარხნები უბრალოდ გაჩერდა, ავტომობილების იმპორტის კუთხით, საქართველოს 2015 წლიდან ფენომენალური ზრდა აქვს. წლების მიხედვით, იმპორტის მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

2015 წელი - $472 მილიონი
2016 წელი - $525 მილიონი
2017 წელი - $590 მილიონი
2018 წელი - $840 მილიონი
2019 წელი - $1.1 მილიარდი
2020 წელი - $782 მილიონი
2021 წელი - $935 მილიონი
2022 წელი - $1.6 მილიარდი

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები