Chevy Corvette ZR1 - ლურჯი ეშმაკი
Chevrolet Corvette ყველა ავტომოყვარულის საოცნებო ავტომობილია და მას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. თუმცა, ამჯერად ისტორიაზე არ ვისაუბრებთ, დღეს ჩვენ ამ მოდელის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გიჟურ ვერსიას გავიხსენებთ, რომელიც არა ამერიკელი ავტომოყვარულებისთვისაც კი ოცნების მანქანაა.
2006 წელს ამერიკულმა კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და მსოფლიოს ZR1 მოდელი წარუდგინა. მას „ლურჯი ეშმაკი“ უწოდეს. მისი უკომპრომისო ხასიათი დღემდე ყველასთვის ცნობილია. „კორვეტს“ არაერთი სპეციალური გამოშვების მოდელი ჰყავდა, თუმცა ZR1 ყოველთვის უმაღლესი თამასა იყო. ამ კონკრეტულ მოდელში ყველა დეტალი და მცირე ნიუანსიც კი ბოლომდე იყო დახვეწილი. მისი 8-ცილინდრიანია ძრავა, რომელსაც დიდი კომპრესორი ეყენა, ჯამში 638 ცხენის ძალასა და 820 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ეს მონაცემები ძრავის სამუშაო დიაპაზონის ნებისმიერ ნიშნულზე ბოლომდე ეფექტური იყო, ამიტომ აქსელერატორზე მცირე შეხებითაც კი წარმოუდგენელი შეგრძნება გეუფლებოდათ.
მსგავს მონაცემებს ყოველთვის ერთ პრობლემასთან მივყავართ, ეს არის მოჭიდება საფართან. სწორედ ამიტომ კომპანიის ინჟინრებმა ავტომობილი ყველაზე დიდი ზომის საბურავებით აღჭურვეს, რაც კი Corvette-ს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არც უკანა და არც ცენტრალურძრავიანი არ ყოფილა, წინ 285/30 R19 და უკან 335/25 R20 ზომის Michelin-ის საბურავები მოარგეს. გზის საფართან მოჭიდების მისიას კიდევ ერთი მოდიფიცირება დაემატა. გადაცემათა კოლოფის გადაცემათა რიცხვები იმდენად დააშორეს ერთმანეთს, რომ პირველი სიჩქარით სულ რაღაც 6500 ბრუნზე 115 კმ/სთ-ის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ პირველი სიჩქარითაც კი შესაძლებელი იყო მართვის მოწმობის დაკარგვა.
სტანდარტულ მოდელთან შედარებით ZR1-ს კიდევ ბევრი ცვლილება ჰქონდა. მასში კარბონის დეტალები უხვად იყო გამოყენებული. აგრეთვე სამუხრუჭე სისტემა კარბონ-კერამიკის იყო, რაც მსგავს ძლიერ ავტომობილს ნამდვილად სჭირდებოდა.
როგორც ავტომოყვარულები ხუმრობდნენ, Corvette-ი ამერიკის კონტინენტიდან ერთერთი იშვიათთაგანია, რომელსაც მოხვევაც შეეძლო. ეს უნარი ZR1-შიც შეინარჩუნეს, თუმცა კოლოსალურმა მაბრუნმა მომენტმა და კომპრესორის მყისიერმა „ჩაბერვამ“ მისი მართვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაართულა, მაგრამ ამაზე არავინ დარდობდა, რადგან ამ ავტომობილს ყველაფრის დასავიწყებლად საკმარისზე მეტი ძალა ჰქონდა.