Pagani, Huayra, Dinamica Evo
Aa
Aa

ხელოვნების ნიმუში - მსოფლიოში ერთადერთი Pagani Huayra Dinamica Evo

კომპანიას ამ ავტომობილის შექმნა ამერიკელმა მომხმარებელმა დაუკვეთა.

ბოლო დროს Pagani-ისგან განებივრებულები ვართ. ჯერ იყო Codalunga, გრძელკუდიანი ჰიპერავტომობილი საოცარი დიზაინითა და მონაცემებით. შემდეგ კი კომპანიის ახალი მოდელი და შედევრი - Pagani Utopia. ახლა კი Pagani-მ გამოაგორა ავტომობილი, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს. ის ერთი ბედნიერი მომხმარებლისთვის შექმნეს.

ამ Huayra როდსტერს Huayra Dinamica Evo ჰქვია და ის ინკოგნიტო პიროვნებისთვის Pagani Grandi Complicazioni-ის დივიზიამ დააპროექტა. იტალიურ მწარმოებელს პროექტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია. ეს ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე ბევრი არაფერი ვიცით. 



Huayra Dinamica Evo-ს ყავისფერი ექსტერიერი აქვს, რაც ჰიპერავტომობილისთვის, შესაძლოა, მოსაწყენი მოგეჩვენოთ. თუმცა, ოქროსფერი აქცენტები მანქანის ვიზუალს ამდიდრებს. წინა ფრთებზე იტალიის დროშის ფერებსაც შეამჩნევთ. გვერდითა სარკეებს კი ახალი ფორმა აქვს. წინა ფრთებზე დამატებული ყვითელი მაშუქები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მალე თავის ახალ სახლში - ამერიკაში გაემგზავრება.

მაღალი ალბათობით, მანქანა Huayra Roadster BC-ზეა დაფუძნებული. თუმცა, კომპანია ამას არ ადასტურებს. თუ ასეა, მაშინ ღიასახურავიანი სუპერავტომობილი AMG-ს 6-ლიტრიანი ორტურბინიანი V12-ით არის აღჭურვილი. აგრეგატი 802 ცხენის ძალასა და 1 050 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ტრეკისთვის შექმნილი ვერსიები 1 250 კგ-ს იწონის. საგულისხმოა, რომ კაბრიოლეტი ვერსია, კორპუსის გამაგრებების გამო, წონაში მოიმატებდა. თუმცა, ეს არავის აინტერესებს.

Huayra Roadster BC-ის დებიუტზე კომპანიამ თქვა, რომ ეს ავტომობილი 40 ეგზემპლარად გამოვიდოდა. შესაძლოა, ეს ერთადერთი გამოშვების Dinamica Evo-ც ამ საწარმო ხაზის ფარგლებში დამზადდეს.

მსგავსი სიახლეები