რიკოთის უღელტეხილი, საავტომობილო გზები
Aa
Aa

როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე

კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ შესაბამისი საფრთხეების დონეზე და ვიმსჯელოთ იმის შესაძლებლობაზე, თუ როდის და როგორ აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს. 

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იმიტომ აიკრძალა, რომ გზასთან დაახლოებით, 200 მეტრში, თოვლის დნობის შედეგად, ბზარები განვითარდა, რაც შესაძლოა მეწყრის ჩამოსვლის საშიშროებას წარმოადგენდეს.

მისივე თქმით, მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს, რისთვისაც გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს.

მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ საავტომობილო გზებზე,“ - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილი 30 მარტს ჩაიკეტა.

წყარო.: BPN.ge

მსგავსი სიახლეები