Golf 9 შიგაწვის ძრავით არ გამოვა
შიგაწვის ძრავას მხოლოდ Passat-ი, Tiguan-ი და T-Roc-ი მიიღებს.
ერთ-ერთ გერმანულ პუბლიკაციაში VW-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. საუბარმა, რა თქმა უნდა, ელექტრო მოდელები და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებიც მოიცვა. ინტერვიუში ტომაშ შაფერმა თქვა, რომ შიგაწვისძრავიანი ავტომობილების დასასრული დაიწყო. VW-ში შიგაწვის ძრავებზე მუშაობას წყვეტენ.
წლის ბოლოს გერმანული ბრენდი Passat-ისა და Tiguan-ის ახალ თაობას გამოუშვებს. შაფერის თქმით, ეს უკანასკნელი შიგაწვისძრავიანი ავტომობილი იქნება VW-გან: „T-Roc-ი ევროპაში უკანასკნელი VW იქნება, რომელიც საწვავზე მომუშავე ძრავით გადაადგილდება.“
რა ბედი ელის ყველასთვის საყვარელ Golf-ს? ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას 2024 წელს გავიგებთ. თუმცა, იქამდე ვიცით, რომ „გოლფის“ მეცხრე თაობის დიზელის ან ბენზინის ძრავებით გამოშვება არ იგეგმება.
ევროპის ქვეყნებში „ევრო 7-ის“ მიღების შემდეგ გაჩერდება Polo-ს წარმოებაც. იმისათვის, რომ მცირე ზომის ჰეჩბეკმა ახალი რეგულაციები დააკმაყოფილოს დიდი ხარჯების გაწევა იქნება საჭირო. ეს კი კომპანიას გამართლებულად არ მიაჩნია. ამ დანაკლისის შესავსებად გერმანული მწარმოებელი ID.2all-ის წარმოებას გეგმავს. ეს დაბალფასიანი ელექტრო ჰეჩბეკი იქნება.
2026 წლისთვის იგეგმება კომპაქტური ელექტრო „ქროსოვერის“, ID. Tiguan-ის წარმოებაც. კომპანია საკულტო სახელის შენარჩუნებას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ Golf-ისა და Tiguan-ის სახელწოდებებს ისტორიის თაროზე არ შემოდებენ.
როგორც ჩანს, VW-ში სრული შემადგენლობის ელექტრიფიკაციაზე აქტიურად მუშაობენ. სავარაუდოდ, მწარმოებელი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის რეგულაციას იქამდე დააკმაყოფილებს, სანამ ეს რეგულაცია ძალაში შევა. შეგახსენებთ, რომ 2030 წლიდან ევროპაში შიგაწვისძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა იკრძალება.