ავტონომიური მანქანა, ლონდონი, ბილ გეიტსი
Aa
Aa

ბილ გეიტსი ავტონომიური მანქანით გადაადგილებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბრიტანეთის დედაქალაქში დამოუკიდებლად მართვადი Jaguar I-Pace-ით გაისეირნა.

გაზვიადებული არ იქნება იმის დაწერა, რომ ბილ გეიტსის პიონერულმა ტექნოლოგიებმა კაცობრიობა რადიკალურად შეცვალა. თუმცა, გეიტსიც კი აღფრთოვანებული რჩება მაშინ, როდესაც ავტონომიურად მართვადი მანქანების შესაძლებლობებს ხედავს. ახლახან მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ლონდონის ქუჩებში სწორედ ასეთი მანქანით გაისეირნა.

„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელს Jaguar I-Pace-ით გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა, რომელიც ბრიტანულმა კომპანია Wayve-მა დამოუკიდებლად მართვადი ტექნოლოგიით აღჭურვა. YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მანქანა ლონდონის გადატვირთულ ქუჩებში. იქ ველოსიპედისტები და ქვეითები დიდ ქაოსს ქმნიან. გაუგებრად იქცევიან ავტომობილების მძღოლები (დიახ, იქაც). ამ ყველა დაბრკოლებას კი მანქანა დამაჯერებლად უმკლავდება. 

Wayve-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილი რუკებზე დაფუძნებული ინფორმაციით არ ხელმძღვანელობს. ის გადაწყვეტილებებს მართვისას იღებს. ეს ნიშნავს, რომ ამ მანქანას ნებისმიერ ადგილას მისვლა შეუძლია. გეიტსიც სწორედ ამ ფაქტმა აღაფრთოვანა. მოდელი მოულოდნელ სიტუაციებს გამოცდილი მძღოლივით უმკლავდება.

ამ ამბავზე ბილმა თავის ბლოგზეც დაწერა. მას სჯერა, რომ ავტონომიურად მართვადი ავტომობილები (რომლებსაც AV-ებს უწოდებენ) მალე მსოფლიოს ისე შეცვლის, როგორც ეს თავის დროზე პერსონალურმა კომპიუტერმა შეცვალა. ის მიიჩნევს, რომ მექანიკურ დონეზე EV-ები უკვე განვითარებულია. ერთადერთი რაც დარჩა პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწაა.

სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც საჭესთან მძღოლი მმაინც იჯდა. ის სისტემას კრიტიკულ შემთხვევებში უნდა დახმარებოდა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 

ისე კი გეტყვით, რომ „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი დიდი ავტომოყვარულია. ის Porsche 959-საც ფლობს. ამ ავტომობილს კი ადამიანი შემთხვევით არ შეიძენს. მას სპორტული მანქანის მართვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სხვადასხვა პუბლიკაციებში მას ნათქვამი აქვს ისიც, თუ როგორ უყვარდა ახალგაზრდობაში სწრაფად გადაადგილება. მიუხედავად ამისა, ის ავტონომიურად მართვადი მანქანის შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია და ელის იმ დღეს, როდესაც მართვაზე კონტროლს „კომპიუტერს“ გადაულოცავს.

მსგავსი სიახლეები