როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია
ოფიციალური პირების ცნობით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მომდევნო წლის იანვარში სრულად უნდა დასრულეს, ხოლო შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაწყებიდან 6 თვის ვადაში დასრულდება.
ამავე მოხსენების მიხედვით, წერეთლის გამზირი 28 მლნ 400 ათასი ლარი, ხოლო შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია 4 მლნ ლარი დაჯდება.
„აღდგომის დღესასწაულის შემდეგ წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ. გარდა ამისა, წერეთლის გამზირთან ერთად დაიწყება ე.წ. დიდუბის ხიდის, შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად, ვინც ამ მიმართულებით გადაადგილდება, ხედავს, რომ სრულად ამორტიზებულია, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე ასფალტის ზედაპირი და სავალი ნაწილი. ამიტომ, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაუყოვნებლივ ამ სამუშაოების განხორციელება მოხდეს. სამუშაოები მხოლოდ წერეთლის გამზირის ნაწილში ჯდება 28 მლნ 400 ათასი ლარი, ხოლო შალიკაშვილის ხიდის ნაწილში 4 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე მთლიანად წერეთლის გამზირის ერთი მიმართულებით სრულად ჩაკეტვა მოხდება, ანუ წერეთლის ერთი მიმართულება სრულად ჩაიკეტება, სადაც სამუშაოები დაიწყება, ხოლო დარჩენილი მეორე მიმართულებაზე მოძრაობის გაორმხრივება მოხდება, ანუ ორმხრივი მოძრაობა წერეთლის გამზირზე შენარჩუნებული გვექნება. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: BPN.ge