მდიდრული და უცნაური Aston Martin Lagonda
ბრიტანული Aston Martin-ი ყოველთვის განსხვავებულ, მდიდრულ და სწრაფ მანქანებს გვთავაზობდა. ამ კომპანიის სახელის უკან უდიდესი ისტორია იმალება და მას არაერთი რთული პერიოდი აქვს გავლილი, თუმცა, საბოლოოდ იგი გადარჩა და დღემდე წარმოუდგენელ მოდელებს გვთავაზობს.
70-იან წლებში რთული ფინანსური მდგომარეობის გამო Aston Martin-მა ყველაზე ფუტურისტული და საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილი შექმნა. მათი აზრით, ეს სვლა ყურადღებას მიიქცევდა და მისი პოტენციური მყიდველებისთვის ღირებულება ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა. სწორედ ასე დაიბადა Aston Martin Lagonda, რომელიც დღემდე ყველაზე უცნაური და მდიდრული ავტომობილების სიაში შედის.
Lagonda 1976-1990 წლებში იწარმოებოდა, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია. გაგიკვირდებათ და ამ პერიოდში სულ რაღაც 645 ერთეული გამოუშვეს. მის წარმოებაში 4 სერიის მოდელი არსებობდა, რომლებიც ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებოდა. პირველი ვარიანტი 8-ცილინდრიანი ძრავით გამოვიდა, რომლის მოცულობა 5.3 ლიტრი იყო. მისი საწვავის მიწოდების სისტემა მოძველებული „კარბურატორის“ სტილის იყო. აღნიშნული მოდელი 3-სიჩქარიანი ავტომატური და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფებით იწარმოებოდა. კომპანიამ 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 7 ცალი დაამზადა.
მომდევნო წლებში Lagonda-მ კიდევ 3 განახლება მიიღო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა იყო, რომელიც იმ პერიოდში ძალიან დიდი იშვიათობა იყო და მისი „სავიზიტო ბარათიც“ სწორედ ეს დეტალი გახდა.
ამ ავტომობილის წარმოება საკმაოდ ამოუცნობი და უცნაური იყო. 14 წლის მანძილზე წარმოებულ ავტომობილებში 1-2 ისეთი მოდელიც არსებობდა, რომლებიც დანარჩენი „ლაგონდებისგან“ რადიკალურად განსხვავდებოდა. მაგალითისთვის, 645-დან მხოლოდ ორს ჰქონდა 480 ცხენის ძალა (სტანდარტულს 284 ცხენის ძალა ჰქონდა). ამ მოდელებს, ნაცვლად 5.3-ლიტრიანი ძრავისა, 7-ლიტრიანი აგრეგატები ჰქონდა. აგრეთვე წარმოების ბოლო წლებში გამოვიდა 2-კარიანი მოდელი და ყველაზე უცნაური ვაგონის ვერსია, რომელსაც კომპანიამ Shooting Brake-ი უწოდა.
1990 წელს Lagonda-ს წარმოება შეჩერდა. კომპანიამ მოგებაზე დიდი ზარალი ნახა, თუმცა ეს ავტომობილი ისტორიაში მაინც შევიდა. მასზე ბრიტანელები ხუმრობდნენ, რომ ის იყო „ოფისი ბორბლებზე“. 2014 წელს კომპანიამ დააანონსა, რომ Lagonda-ს შთამომავალს გამოუშვებდა, თუმცა ავტომოყვარულები მას დღემდე ველოდებით.