2023 წლის Toyota Prius Prime-ი ელექტრო ძრავით 70 კმ-ს დაფარავს
ახალი დამუხტვადი Prius-ი ხელმისაწვდომ ფასად სვლის შთამბეჭდავ მარაგს გვთავაზობს.
ახალი სტილის მქონე Toyota Prius Prime-ი სადილეროებში მომდევნო კვირებში გამოჩნდება. იქამდე კომპანიამ საინტერესო დეტალები გაავრცელა, რაც ფასსა და სვლის მარაგს ეხება. 2023 წლის Prius Prime-ის ფასი 32 350$-დან დაიწყება, ხოლო სრულად დამუხტვის შემთხვევაში 70 კმ-ს დაფარავს.
32 350$-ად თქვენ საბაზისო Prius Prime SE მოგივათ, რომელიც 17-დუიმიანი დისკებითა და 8-დუიმიანი სენსორიანი მონიტორით სტანდარტულადა აღჭურვილი. XSE ვერსიის ფასები 35 600$-დან იწყება. მოდელი 19-დუიმიანი დისკებითა და უფრო დიდი ზომის სენსორული ეკრანით იქნება აღჭურვილი. განსხვავებული იქნება სიმძლავრე, სავარძლები და სხვა ფუნქციონალებიც.
ყველაზე მაღალი კომპლექტაცია Prius Prime XSE Premium-ი იქნება, რომლის ფასი 39 170$-დან დაიწყება. მოდელს JBL-ის ხმის სისტემა და პანორამული ჭერი ექნება. აღსანიშნია, რომ ახალი Prius-ის შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომია. საბაზისო Prius-ის ფასი 27 450$-ია.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ახალ თაობაში მწარმოებელმა დიზაინსა და სტილს დიდი ყურადღება დაუთმო. შედეგი სახეზეა. ალბათ, ისტორიაში პირველად Prius-ი გამაღიზიანებლად არ გამოიყურება. 70-კილომეტრიანი სვლის მარაგითა და გაზრდილი ეკონომიურობით ის გვარის ღირსეული გამგრძელებელიც იქნება.
გეტყვით იმასაც, რომ დამუხტვადი Prius-ი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი შიგაწვის ძრავით, 13.6 კვ-სთ-იანი ბატარეებითა და ერთი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. ეს ძალოვანი აგრეგატი ჯამში 220 ცხენის ძალასა და 188 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მანქანამ 100 კმ/სთ 6.6 წამში განავითაროს. როგორც ხედავთ, Prius-ს წარმადობაც აღარ არის დასაცინი.
მსურველებს კი გეტყვით, რომ ახალი Prius-ის გაყიდვები 2023 წლის მაისში დაიწყება.