Mercedes EQG კლდეზე და კიბეებზე უპრობლემოდ ადის
მანქანას ტანკივით მოხვევაც შეუძლია.
2024 წლიდან საწვავის მწველ Mercedes G-Class-სთან ერთად ამ ხაზში ახალი ელექტრომობილიც გამოვა. მომავალი წლიდან ელექტრო EQG-ის გამოშვება იგეგმება. იქამდე კი ბევრი ტესტირებაა ჩასატარებელი, რათა 4-ძრავიანი წყნარი „ოფროუდერი“ იდეალური გახდეს. ახლახან, YouTube-ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც EQG-ის შესაძლებლობების შესახებ ბევრ რამეს ვიგებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ელექტრომობილის პროექტი პროტოტიპულ ეტაპზეა, EQG-ს ნებისმიერ ადგილას შეუძლია მისვლა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მარტივად ადის ის კიბეებზე და კლდეზე. G-Class-ს ზოგი მოყვარული ტანკს ადარებს. ახლა უფრო ხშირად შეადარებენ, რადგან მანქანას ტანკივით მოხვევა შეეძლება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მანქანა ადგილზე 360 გრადუსით ტრიალებს. ამის გაკეთება ისეთ საფარზე იქნება შესაძლებელი, სადაც ხახუნის კოეფიციენტი შედარებით დაბალი იქნება. EQG-ის ამ მანევრის შესრულებაში 4 ელექტრო ძრავა ეხმარება. ის AMG SLS Electric Drive-ის შემდეგ მეორე Mercedes-ი იქნება, რომელიც ასეთ ძალოვან აგრეგატს მიიღებს.
შენიღბვის მიუხედავად, კარგად ჩანს ავტომობილის „ყუთირებრი“ ფორმები. ძარაზე მცირედი ცვლილებები აეროდინაკის გაუმჯობესებისთვისაა შეტანილი. დალუქულია ცხაურაც. EQG-ს განსხვავებული ექნება სალონიც. ამას დაფარული კოკპიტი ადასტურებს.
ტექნიკური დეტალების გასაჯაროებისგან კომპანიაში ჯერ თავს იკავებენ. თუმცა, ვიდეოდან ვიგებთ, რომ EQG-ის ერთი ძრავაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მანქანის წონას უპრობლემოდ მოერიოს. ეს შთამბეჭდავი განაცხადია, რადგან ეს ავტომობილი დაახლოებით 3 000-კგ-ს იწონის. AMG-ის V8 ძრავით აღჭურვილი G-Class-ის წონა თითქმის 2 500 კგ-ია.
EQG-ში „მერსედესი“ უგზოობისთვის შექმნილ ბევრ ინოვაციურ ფუნქციონალს შემოგვთავაზებს. ხაზგასასმელია, რომ ელექტრო G-Class-ის გამოშვებით მწარმოებელი შიგაწვისძრავიან მოდელების წარმოებას არ შეწყვეტს. თუმცა, საბოლოოდ, ელექტრო მოდელი ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ვერსიებს მთლიანად ჩაანაცვლებს.