Dodge Charger-ი ელექტრო ენერგიის გადამცემ ბოძს შეასკდა და წააქცია
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მნიშვნელოვან გაკვეთილს ისწავლით.
აშშ-ში Dodge Charger-ი საშიშ ავარიაში მძიმედ დაზიანდა. კადრები უკანა მანქანის ჩამწერიდან არის ამოღებული.
ვიდეო Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. თეთრი Charger-ის მძღოლი მანქანას იქ ასწრებს, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება. შემდეგ კი მოსახვევი ხვდება, რომელში ზუსტად შესვლასაც ვეღარ ასწრებს.
აშკარაა, რომ საზოგადოებრივი მოხმარების გზის მაგივრად, ამ ადამიანს ეგონა, რომ სარბოლო ტრეკზე გადაადგილდებოდა. მან კუთხის მოჭრა და „აპექსში“ შესვლა გადაწყვიტა. ეს კი ცუდად დამთავრდა. Dodge-ი ინერციით წინ გასრიალდა, გზიდან გადავიდა და ელექტრო ენერგიის გადამცემ ბოძს პირდაპირ ცხვირით შეასკდა.
დარტყმისგან Charger-ი ჰაერში აიჭრა. წაიქცა ბოძი და ჩამოვარდა გადამცემი ხაზები. გაურკვეველია რა დაზიანება მიიღო მძღოლმა. თუმცა, Redditor-ებმა ეს შემთხვევა გამოიყენეს იმის ასახსნელად, თუ რა საფრთხეს მალავს ელექტრო გადამცემის ბოძის წაქცევა.
თუ ელექტრო ენერგიის ხაზი მანქანაზე მოხვდება, მაღალი ალბათობით, მასში ძაბვა ჯერ კიდევ იქნება. ასეთ დროს მანქანიდან გადმოსვლა იქამდე არ შეიძლება, სანამ მაშველები არ მოვლენ. თუმცა, თუ სიტუაცია მანქანიდან გადმოსვლის აუცილებლობას ქმნის, მაშინ ავტომობილიდან ორივე ფეხით უნდა გადმოხტეთ. თუ მიწასთანაც და მანქანასთანაც გექნებათ შეხება, მაშინ ლექტრო ენერგია მანქანიდან გადმოვა და თქვენი სხეულის გავლით მიწისკენ წავა. ეს კი საბედისწერო იქნება.
სწორედ ამიტომ, სხვისი შეცდომებით სწავლა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.