Aa
Aa

ახალი მონსტრი შტუტგარტიდან: Porsche-მ კონკურენტებს ომი გამოუცხადა

GT კლასის Porsche 911 Turbo ყოველთვის სუპერქარების დონის მანქანა იყო. ახალი 992 თაობის Turbo S ტრადიციებს არ არღვევს და წელს გაუმჯობესებული 640-ცხენისძალიანი ვერსია წარადგინა, რომელიც წინა თაობის GT2 RS-ს სიმძლავრით დიდად არ ჩამორჩება.

ავტომობილის ხარისხი მხოლოდ მონაცემებით არ განისაზღვრება, თუმცა ამ კონკრეტული „პორშეს“ შემთხვევაში ამით დავიწყებთ. „პორშე“ აცხადებს, რომ ახალი Turbo S 0-დან 100-ამდე 2,6 წამში და 200 კმ/სთ-ამდე კი 8,9 წამში ადის, რაც მთელი ერთი წამით უფრო სწრაფია, ვიდრე 991 Turbo S. მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ს შეადგენს, რაც ცოტა ნამდვილად არაა.

ახალი „პორშეს“ ძალოვანი აგრეგატი 3,8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ბოქსერის ძრავაა. 60 ცხენის ძალისა და 100 ნმ მაბრუნი მომენტის ნამატი ტურბინების გეომეტრიით და გაუმჯობესებული რადიატორებითაა განპირობებული. ჯამში 868 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს, რომელიც 8-სიჩქარიანი ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფით ოთხივე ბორბალზე გადაეცემა. დახვეწილს ოთხივეწამყვან სისტემას საჭიროების შემთხვევაში მაბრუნი მომენტის 62%-ის წინა თვლებზე გადანაწილება შეუძლია.

ახალი 911 Turbo S მის წინაპარზე ოდნავ განიერია. ექსტერიერის ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები უკანა მხარეა, სადაც გაზრდილი ფრთა და სპორტული მაყუჩები მოთავსდა. აღსანიშნია, წინ 20-იანი, უკან კი 21-იანი რეტრო სტილში გაკეთებული შუასაკეტიანი დისკები. მუხრუჭების სისტემაც გაუმჯობესდა. ახლა წინ 10-დგუშიანი 420 მმ-იანი დისკის მქონე, ხოლო უკან სტანდარტული 4-დგუშიანი მუხრუჭები უყენია.

ყველა 992 Turbo S-ს ადაპტირებადი დაკიდების სისტემა ექნება, მაგრამ Turbo S-ებს შორის ეს პირველი სპორტული რეჟიმით აღჭურვილი მოდელი იქნება.

სალონს რადიკალურ ცვლილებები არ განუცდია. უბრალოდ, სავარძლები ძველი 930 Turbo-ს სტილშია გაკეთებული.

2021 წლის 911 Turbo S-ის კუპე ვერსიის ფასი 204 850$-დან დაიწყება, რაც 12 900$-ით მეტია, ვიდრე მისი წინა მოდელის საწყისი ფასი. რა თქმა უნდა, კაბრიოლეტის ვერსიაც იქნება, რომელიც 217 650$ ეღირება. 

მსგავსი სიახლეები