Aa
Aa

სერხიო პერესი აზერბაიჯანის გრან პრის გამარჯვებულია

Red Bull-ის პილოტმა სერხიო პერესმა აზერბაიჯანის გრან პრი მოიგო. ეს 2023 წლის სეზონში მისი მეორე გამარჯვებაა. მაქს ფერსტაპენმა მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე შარლ ლეკლერი გავიდა და ამ სეზონში პოდიუმზე პირველად ავიდა. ჰამილტონმა მეექვსე პოზიცია დაიკავა.

ბაქოს ქუჩებში სერხიო პერესმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და 2023 წლის სეზონში თავისი მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აზერბაიჯანის გრან პრიმ განსხვავებული ფორმატით ჩაიარა. ამ სეზონში პირველად სპრინტული კვალიფიკაცია ჩატარდა.

მექსიკელ პილოტს შესანიშნავი რბოლა ჰქონდა. წრეების უმეტესობას ლიდერობდა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მაქს ფერსტაპენზე ადრე გადაკვეთა. პოდიუმის მესამე საფეხურზე შარლ ლეკლერი ავიდა და Ferrari-ს გულშემატკივრებს მცირედი იმედი დაუბრუნა.

„ჩემთვის ეს ყველაზე მარტოსული რბოლა იყო“, - რბოლის შემდეგ ლეკლერს დიდი სიხარული ნამდვილად არ გამოუხატავს.

პერესმა, სპრინტის ქულების ჩათვლით, 33 ქულა მოაგროვა და მაქს ფერსტაპენს ჩემპიონატში მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

ნიდერლანდელმა რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო. მეოთხე წრეზე პოლ პოზიციის მფლობელ ლეკლერს გადაასწრო. მეათე წრეზე ნიკ დე ვრისი კედელს შეეჯახა და დაკიდების სისტემა დაუზიანდა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. მაქს არ გაუმართლა. ის საბურავების გამოსაცვლელად ბოქსებში ერთი წრით ადრე შევიდა და ლიდერობა დაკარგა. მექსიკელი მისი გუნდელის წინ აღმოჩნდა.

სერხიო პერესს ქალაქის ქუჩებში რბოლები ძალიან უყვარს და აზერბაიჯანის გრან პრიც გამარჯვებით დაასრულა. მან ფერსტაპენს 2 წამზე მეტით აჯობა.

„უსაფრთხოების მანქანისას არ გამიმართლა. მერე ბოლომდე ბრძოლა მომიწია. ვცდილობდი არ ჩამოვრჩენოდი და DRS-ის ზონაში დავრჩენილიყავი. ჩემი აზრით, საბურავები სწორედ ამის გამო ხურდებოდა“, - თქვა მაქს ფერსტაპენმა.

როდის გადაწყდა რბოლის ბედი

4/51: ფერსტაპენი რბოლის ლიდერი ხდება - ლეკლერს მაქსის შეკავება უჭირს. სწორზე DRS-ის გარეშე Red Bull-ი 8კმ/სთ-ით უფრო სწრაფია. ფერსტაპენი ლეკლერს მარტივად უსწრებს და მეოთხე წრეზე რბოლის ლიდერი ხდება.

11/51: უსაფრთხოების მანქანა - დე ვრისი მეექვსე მოსახვევშია გაჩერებული. უსაფრთხოების მანქანა გამოვა. Red Bull-მა მაქსი ბოქსებში უკვე შეიყვანა. პერესი ტრასაზე რჩება. მაქს და ჰამილტონს არ გაუმართლა. პილოტების უმეტესობა უფასო პიტ სტოპს მიიღებს. 

14/51: ფერსტაპენი ისევ მეორეა - მესამე მოსახვევში ფერსტაპენი ლეკლერს ისევ უსწრებს. მეექვსე მოსახვევში ალონსო საინს ასწრებს და მეოთხე პოზიციაზე ინაცვლებს.

30/51: მაქსი ჩამორჩება - ფერსტაპენი 2.2 წამით ჩამორჩება. ის ინჟინერს ეუბნება, რომ  დიფერენციალის და მუხრუჭის პრობლემა აქვს. ტემპი აშკარად აკლია.

51/51: პერესი იგებს! - პერესს შესანიშნავი რბოლა ჰქონდა. ეს ამ სეზონში მისი მეორე გამარჯვებაა. ფერსტაპენი მეორეა. მას უკან ლეკლერი მოჰყვება.

51-წრიან რბოლაში ყველაზე სწრაფი წრე ჯორჯ რასელმა დააფიქსირა: 1:43.370.

შემდეგი რბოლა

შემდეგი რბოლა 7 მაისს მაიამიში გაიმართება. მაიამის საერთაშორისო ავტოდრომზე პილოტები 57 წრეს (308,370კმ-ს) გაივლიან. ჩემპიონობისთვის ბრძოლა Red Bull-ის პილოტებს შორის სულ უფრო იძაბება. ამჟამად ნიდერლანდელს პერესი 6 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე მყოფი ფერნანდო ალონსო კი ფერსტაპენთან 33 ქულას აგებს.

მსგავსი სიახლეები