ეს 1995 წლის E36 M3 Lighweight-ი 150 000$-ზე მეტად შეფასდება
მსუბუქი, მაგრამ ღირებულებით მძიმე: უიშვიათეს BMW M3-ს გასაყიდად ამზადებენ.
BMW M3 ლეგენდარული საავტომობილო ხაზია, რომლის შესახებ ამომწურავად ჩვენს YouTube არხზე ვისაუბრეთ. თუ ამ ვიდეოების ნახვა გსურთ, მაშინ ამ ლურჯ სიტყვებზე უნდა დააჭიროთ ხელი. (ნაწილი 1; ნაწილი2).
E36 თაობის მესამე სერია საქართველოში დიდი პოპულარობით მუდმივად სარგებლობდა. ამ ძარის M3 კი დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია. მსოფლიოში კი სხვა მდგომარეობაა. განვითარებულ ქვეყნებში სანთლით E36 M3-ის სპეციალური გამოშვების მოდელებს ეძებენ. ერთ-ერთი ეს 1995 წლის BMW M3 Lightweight-ია.
ტრეკისთვის შექმნილი M3 ექსკლუზიურად აშშ-ს ბაზრისთვის იყო გამოშვებული. ის მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იწარმოებოდა და 126 ეგზემპლარად არსებობს. Lightweight-ი სტანდარტული M3-ისგან რამდენიმე დეტალით გამოირჩევა. ერთ-ერთი მოვლილი და გამართული ეგზემპლარი კი ახლახან Bring a Trailer-ის აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა.
სურათზე ნაჩვენები M3 Lightweight-ი აშშ-შია რეგისტრირებული. ოდომეტრზე 88 000 მილია (140 000 კმ) გამოსახული. მფლობელს ყველა საჭირო საბუთი აქვს, რაც ორიგინალ გასაყიდ ფურცელს, სერვისის ჩანაწერებსა და Carfax-ის მოხსენებასაც მოიცავს.
როგორც ყველა სხვა ეგზემპლარი, ეს მანქანაც Alpine White-ის ფერშია შეღებილი. წინა მარცხენა და უკანა მარჯვენა ფრთაზე კი M-ის სამი ფერის გამოსახულება აქვს დატანილი. მოდელი 17-იანი BMW Motorsport Style 24 ნაწრთობი დისკებითაა აღჭურვილი, რომელზეც 235/40 ზომის Yokohama Advan Fleva-ს საბურავებია გადაკრული. მანქანას ადგილზე აქვს ქარხნული სპოილერიც.
სალონში კლასიკური დიზაინი გვხვდება. სპორტული ფორმის სავარძლები იდეალურად გამოიყურება. ცენტრალურ კონსოლზე კი კარბონის გაფორმება გვაქვს. საჭე ტყავისაა.
M3 Lightweight-ის კაპოტი 3-ლიტრიან ატმოსფერულ 6-ცილინდრიან ძრავას მალავს, რომელიც 240 ცხენის ძალასა და 305 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ღერძზე ანაწილებს. დიფერენციალი ბლოკირებადია.
2020 წელს BMW M3 Lightweight-ის რამდენიმე მოდელი გაიყიდა. ყველა მათგანი პოლ უოკერის მფლობელობაში იყო. ყველაზე ძვირადღირებული მოდელის ფასმა 350 000$-ს გადააჭარბა. ყველაზე იაფიანი მოდელი კი 200 000$-ად შეფასდა. უოკერის კოლექციაში ყველაზე მაღალგარბენიან ეგზემპლარს ოდომეტრზე 68 000 კმ ჰქონდა გამოსახული.
სწორედ ეს გარემოებები ექსპერტებს აფიქრებინებთ, რომ სურათზე ნაჩვენები ავტომობილის ფასი 2023 წელს 150 000$-ს ნამდვილად გადააჭარბებს.