აუქციონი, Nissan, GT-R, Skyline, R34, Nissan Skyline GT-R M-Spec Nur
Aa
Aa

უიშვიათესი Nissan Skyline GT-R M-Spec Nur-ი აუქციონზე 400 000$-ად უნდა შეფასდეს

ეს Nissan Skyline GT-R M-Spec Nur-ი Millenium Jade-ის სპეციალურ ფერშია შეღებილი.

R34 თაობის Nissan Skyline-ის მოდელების ფასებს რომ ცეცხლი უკიდია, ეს CrystalAuto-ს მკითხველთათვის ახალი არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, გამონაკლისი არც ეს GT-R M-Spec Nur-ი იქნება. ამ ავტომობილმა უკვე სერიოზული ყურადღება მიიპყრო.

ამ საკულტო JDM ავტომობილის ექსტერიერის ფერს Millenium Jade-ი ეწოდება. ის 144 წარმოებული M-Spec Nur-ის მოდელებიდან ერთადერთია, რომელიც ამ ფერში შეღებეს. მანქანა 18-იან Nismo LMGT4-ის დისკებზე დგას, რომელზეც Continental ContiSport Contact 3 საბურავებია გადაკრული. ავტომობილი ავსტრალიაში 2022 წელს შეიყვანეს და მას შემდეგ იქ „ბინადრობს“.



ავტომობილი ყველასთვის კარგად ნაცნობი, 2.6-ლიტრიანი, RB26DETT 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით არის აღჭურვილი. აგრეგატი Nur Sport-ის მახასიათებლების მიხედვითაა მოდიფიცირებული. ეს ძრავის კომპიუტერს, ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადებს და მანაწილებელ ლილვს მოიცავს. მოდელი Nismo-ს ალუმინის რადიატორით, „ინტერქულერით", ჰაერის დამატებითი გამაძლიერებლით, ძრავის სამაგრებითა და ჰაერის ახალი შემშვებითაც არის წარმოდგენილი.

აუქციონის სახლის განცხადებაში არ არის აღნიშნული თუ რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს ის. თუმცა, ვიცით, რომ ძრავა 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაკავშირებული. იდუმალებით მოცული სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდება. მანქანას უკან ელექტრონულად ბლოკირებადი ხიდიც აქვს. ამ GT-R-ს დამატებით Nismo Sport-ის ქურო და Reimax-ის გამშვები სისტემაც აქვს.



იდეალურია ავტომობილის ზოგადი მდგომარეობა. ოდომეტრზე 53 000 კმ-ია გამოსახული. 21 წლის ავტომობილისთვის ეს საკმაოდ დაბალ გარბენად ითვლება. ეს ინტერიერის დეტალებზეც ჩანს, სადაც M-Spec-ის გათბობის ფუნქციის მქონე ტყავის სავარძლები დაგხვდებათ. ასევე, იშვიათია ალუმინისგან დამზადებული ქარხნული სატერფულებიც.

გასულ იანვარს Nissan Skyline GT-R M-Spec Nur-ი 455 000$-ად შეფასდა. ეს გარემოება აუქციონის ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ჩვენი დღევანდელი გმირის ფასი 400 000$-ს გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები