321 კმ/სთ 1927 წელს! - ბრიტანეთი Slug-ის რესტავრაციას გეგმავს
22.5-ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვილმა Slug-მა სიჩქარის რეკორდი თითქმის ერთი საუკუნის წინ მოხსნა.
„მოცულობას ვერაფრით ჩაანაცვლებ“ - ძრავებზე საუბრისას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ამ ფრაზას ხშირად იყენებენ. ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს ყველაფერი სათავეს დიდი დროიდან იღებს. მაინც როდიდან? 1927 წლიდან მაინც... ამ წელს Sunbeam-მა მონსტრი ავტომობილი ააწყო და დეიტონას სანაპიროზე, ფლორიდაში, რეკორდის მოსახსნელად გაუშვა. შედეგად, ის პირველი მანქანა გახდა, რომელმაც 200 მილი/სთ-იანი სიჩქარის ბარიერი გადალახა (322 კმ/სთ).
ახლახან ბრიტანეთის ეროვნულმა საავტომობილო მუზეუმმა (National Motor Museum) განაცხადა, რომ ისინი ამ ავტომობილის რესტავრაციას დაიწყებენ. მანქანამ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავისი რეკორდი უნდა გაიმეოროს. ამისათვის 300 000 ბრიტანული სტერლინგია საჭირო, რაც 367 000$-ზე მეტია.
ფინანსური რესურსის მოძიების მიზნით, Slug-ის სახელით ცნობილი მონსტრი ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მუზეუმებში გამოიფინება. ავტოსპორტის მდიდარი მოყვარულები კი შემომწირველები გახდებიან.
მაღალი ალბათობით ეს წამოწყება წარმატებით დასრულდება. რატომ? ეს 1 000-ცხენისძალიანი მანქანაა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. მას არა ერთი, არამედ ორი 22.5-ლიტრიანი, Sunbeam Matabele V12 ძრავები ჰქონდა. ერთი მძღოლის წინ, ხოლო მეორე მძღოლის უკან იყო განთავსებული. აგრეგატებს აეროდინამიკური კორპუსი ფარავდა. სახელი Slug სწორედ ამიტომ შეარქვეს (საამწყობო მანქანით ჩამოსმული ნაწილი).
1927 წელს, დეიტონას სანაპიროზე, 30 000 ადამიანის თვალწინ, მეიორ სიგრეივმა მანქანა 203.79 მილით (327.96 კმ/სთ) გააქროლა.
1970 წლამდე მანქანა ბრიტანეთის საავტომობილო მუზეუმში ინახებოდა. ძრავების შიგნეულობა ამოღებული გახლდათ. ეს ნიშნავს, რომ მანქანა 50 წელი გაუნძრევლად იდგა.
აღდგენის სამუშაოები დაწყებულია. უკანა ძრავა მუზეუმის უფროსმა ინჟინერმა, იან სტენფილდმა უკვე ამოიღო. გუნდს სრული რესტავრაცია აქვს ჩაფიქრებული. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ სჭირდება ამ პროექტს იმისთვის, რომ 2027 წელს რეკორდული გარბენი გაიმეოროს.