ჩრდილში დარჩენილი რალის ლეგენდა
სპორტული ავტომობილების ისტორიაში არაერთი მოდელი კონკურენტების ჩრდილში დაუმსახურებლად მოხვედრილა, ერთ-ერთი მათგანი Toyota Celica GT4-ია, რომელმაც დიდი წარმატებების მიუხედავად, Mitsubishi Lancer Evolution-ის და Subaru Impreza-ს შემდგომ მოიხსენიებენ.
80-იანი წლების ბოლოს Toyota-მ მსოფლიო რალის სამყაროში შეაბიჯა. ამ პერიოდში იაპონური ავტომობილები რალის აუთსაიდერები უფრო იყვნენ, ვიდრე ფავორიტები. თუმცა, „ტოიოტამ“ გაბედული ნაბიჯი გადადგა, რადგან მას ამ მოცემულობის შეცვლა სურდა.
პირველი GT-4 1986 წელს გამოჩნდა და მალევე კარგი შედეგების ჩვენება მოახერხა. ეს იყო ST165 მოდელი, რომელსაც იმ დროისთვის ძალიან პოპულარული Pop Up მაშუქები ჰქონდა. ავტომობილი სრულად ამძრავი იყო და მას 2 ლიტრიანი, ტურბოდაბერვის მქონე ძრავა ჰქონდა. აგრეგატების კონფიგურაცია არც მომდევნო წლებში შეცვლილა. მხოლოდ მცირე გაუმჯობესებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულმა მოდელმა 1989-1992 წლებში რალის მსოფლიო ჩემპიონატში 13 ეტაპი მოიგო და 1990 წელს ლეგენდარული კარლოს საინს უფროსის დახმარებით მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
მეორე თაობის Celica GT-4 1989 წელს მოგვევლინა და მწვერვალისკენ სვლა უფრო მეტი წარმატებით განაგრძო. ST185 ვერსიაც Pop Up მაშუქებით გამოდიოდა, მასში დიფერენციალები და ტურბოს გაგრილების სისტემა უფრო მეტად იყო დახვეწილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოდელი Antilag-ის შექმნაში ინოვატორი იყო. ეს სისტემა მომდევნო წლებში ყველა მისმა კონკურენტმა „გადააკოპირა“. ST185-მა 16 ეტაპის და 3 მსოფლიო ტიტულის მოგება შეძლო.
ბოლო GT-4 1994 წლიდან 1999 წლამდე გამოდიოდა და მას ST205 მოდელი ეწოდა. ამ მოდელმა დამახასიათებელი Pop Up მაშუქების ტრადიცია დაარღვია და ისინი მრგვალი მაშუქებით ჩანაცვლდა. ST205-მა 1995 წლის რალის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ეტაპის მოგება შეძლო. ამ ფაქტს თავისი მიზეზი ჰქონდა: ერთერთ ეტაპზე საფუძვლიანი ეჭვის ნიადაგზე ტექნიკურმა კომისრებმა ავტომობილში აკრძალული ტექნოლოგია აღმოაჩინეს, რაც შეუმჩნეველი იყო, თუმცა ავტომობილის ძალას საგრძნობლად ზრდიდა. ამ ფაქტის გამო გუნდმა დისკვალიფიკაცია მიიღო და კომპანიის რეპუტაცია საგრძნობლად შელახა.
მსოფლიო რალიში Toyota Celica GT4-ის წარმატებებს სხვა უამრავ ადგილობრივ თუ ევროპულ ჩემპიონატებში მიღწეული გამრჯვებაც ემატება. ეს იყო ავტომობილი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, საბოლოოდ მაინც Evo-ს და Impreza-ს ჩრდილში მოექცა. ამ ფაქტს ისიც ემატებოდა, რომ „სელიკას“ საწარმოო ხაზი, კონკურენტებთან შედარებით, მცირე იყო. აგრეთვე სამოქალაქო ვერსიების შედარებისას „ევოს“ და „იმპრეზას“ მოდელები უფრო სწრაფები, მსუბუქები და მოქნილები იყვნენ.
18-წლიანი პაუზის შემდეგ იაპონურმა კომპანიამ რალიში დაბრუნება გადაწყვიტა და დღემდე დომინირებას აგრძელებს.