BMW, 7 Series, მეშვიდე სერია
Aa
Aa

BMW 7 Series-ის მოდელები, რომლის შესახებაც არ გსმენიათ

გსმენიათ რამე მეშვიდე სერიის შესახებ, რომელსაც V16 ძრავა აქვს?

BMW-მ თავისი არქივი კიდევ ერთხელ გახსნა, რათა მეშვიდე სერიის აქამდე უცნობი მოდელები ფართო საზოგადოებას ენახა. ეს არის კომფორტული, მდიდრული კლასის ავტომობილები, რომლებიც სისწრაფითაც დაიკვეხნიან.

პირველი მოდელი E23 თაობის BMW 745i-ა, რომელიც 1980-იანი წლებშია შექმნილი. ის სპეციალურად სამხრეთ აფრიკის ბაზრისთვის შექმნეს და სულ 192 ეგზემპლარად არსებობს. ვიდეოში ნაჩვენები ავტომობილი კი ერთ-ერთია იმ 14 ვერსიიდან, რომელსაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

კაპოტი BMW-ს 3.5-ლიტრიან, 6-ცილინდრიან ერთრიგა ძრავას მალავს. კოდური სახელით M88 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს რაოდენობა ცნობილი M1-ის სიმძლავრეზე მცირედით ნაკლები გახლდათ. BMW-ს საკოლექციო დარბაზში მოხვედრამდე, ავტომობილზე M-ის ლოგოებიც დაიტანეს.

შემდეგი საოცრად გამორჩეული ვერსიაა. ის BMW-ს ძრავების ინჟინერ ეკუთვნოდა. ამ ადამიანმა S28B38 სახელით ცნობილი, E34 M5-ის ძრავა მეშვიდე სერიაში მოათავსა ისე, რომ აგრეგატის 3.8-ლიტრიანი მოცულობა 3.9-ლიტრამდე გაზარდა. შედეგი? 390 ცხენის ძალა. შთამბეჭდავია!

ბოლოსთვის კი მართლაც უნიკალური მეშვიდე სერია მოვიტოვეთ. მწარმოებელი ამ ვერსიას „ოქროს თევზს“ უწოდებს. სახელი მას უკან არსებული თავისებური დიზაინის ფრთების გამო შეარქვეს. დიდი ცვლილებებია ძრავის განყოფილებაში. იქ 6.7-ლიტრიანი V16 დევს, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მის შესაქმნელად ინჟინრებმა ორი V12 ჯერ გაჭრეს, შემდეგ კი ორი V8 შეაერთეს.

ძრავის უშველებელი ზომის გამო გაგრილების სისტემა კაპოტის ქვეშ აღარ დაეტია. სწორედ ამიტომ დასჭირდათ ინჟინრებს უკანა ფრთებში ჰაერის შემშვები არხების გაჭრა. დიახ, „ოქროსთევზს“ რადიატორები უკან აქვს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას საბარგული შეეწირა.

თქვენ რომელ მოდელს აირჩევდით ამ მეშვიდე სერიებიდან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები