Mansory-ს უახლესი პროექტი გოლფის კარტია მაცივრით
მას კარბონის სხეული და 10.1-ინჩიანი ეკრანი აქვს.
Mansory მსოფლიოში თავისი ექსტრავაგანტური პროექტებითაა ცნობილი. ეს ტიუნინგ ატელიე ისედაც უკვე აგრესიულ ავტომობილებს აუმჯობესებს. ბოლო დროს მათი აწყობილი ავტომობილი არც სწრაფი კუპეა და არც მდიდრული SUV-ი. Mansory-მ ამჯერად გოლფის კარტი წარმოგვიდგინა, რომელიც ერთ სხეულში ამ სპორტის აზრს, მდიდრულობას და საუკეთესო ტექნოლოგიებს აერთიანებს.
გოლფის ეს კარტი თავდაპირველად კომპანია Garia-მ ააწყო. Mansory-მ კი ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის: გააუმჯობესა. კარტი მთლიანად კარბონისაა და რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი. გარეგნულად, ის ორიგინალისგან ბევრად არ განსხვავდება. კარბონის დამატების გარდა, კარტს ახალი, 14-იანი დისკები დაუმატეს. შეცვლილია წინა ბამპერის და მაშუქების დიზაინიც.
Garia Supersport-ი გოლფის კარტია, რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გზებზე დაშვებულია. მისი ელექტრო მოტორი 10.7 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს 8-კილოვატიანი მოტორი ყველაზე ძლიერია, რაც აქამდე გოლფის კარტებში გამოუყენებიათ. 10.24კვ/სთ-იანი ბატარეა ერთ დამუხტვაზე 80 კილომეტრს გადის. ევროპული ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ-ია. ამერიკულის - 40კმ/სთ.
Mansory-მ კარტს 10.1-ინჩიანი მულტიმედია ეკრანი და მაცივარი დაუმატა. დაუყენა საქარე მინის საწმენდები.
ტიუნინგ ატელიე ამ კარტის ფასს არ ასახელებს. საბაზისო Garia Supersport-ის ფასი $80,000-ია.
ეს ყველაფერი კარგია, თუმცა, ერთი კითხვა მაინც გვაქვს: დარჩა კარტში გოლფის ჯოხების ადგილი?