Aa Aa
29 მაისი 2023  |  10:51

მაიკლ ჯორდანმა 1 817-ცხენისძალიანი Hennessey Venom F5 შეიძინა

Hennessey Venom F5 Roadster-ს მხოლოდ 30 ეგზემპლარად გამოვა.

როდესაც ავტოფარეხის შესავსებად სუპერავტომობილი გჭირდებათ და თან მილიონის გადახდა პრობლემა არ არის - თქვენს ხელთ ბევრი ალტერნატივა იქნება. თქვენ Ferrari-ის, McLaren-ის, Pagani-ის, Gordon Murray-ის, Koenigsegg-ის და სხვა კომპანიების მოდელები შეგიძლიათ შეიძინოთ. თუმცა, NBA-ის ლეგენდამ და უდიდესმა სპორტსმენმა, მაიკლ ჯორდანმა, არჩევანი Hennessey Venom F5 Roadster-ზე შეაჩერა.

ახლახან Hennessey Performance-მა სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჯონ ჰენესი (კომპანიის დირექტორი) და მაიკლ ჯორდანი Venom F5 Roadster-თან დგანან. სურათში ეს გიჟური ავტომობილი კარგად არ ჩანს. თუმცა, კარბონის შეუღებავი ნაწილები და ყვითელი აქცენტები მაინც შესამჩნევია.



F5 Roadster-ის კორპუსის დეტალები ძარის შუაში განთავსებულ 6.6-ლიტრიან V8 ძრავას მალავს, რომელსაც ორი ტურბინა აქვს. სიმძლავრე 1 817 ცხენის ძალასა და 1617 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Hennessey ამტკიცებს, რომ მანქანას 300 მილი/სთ-ის (482 კმ/სთ-ის) განვითარება შეუძლია. თუ ეს მართალია, მაშინ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ „როდსტერთან“ გვქონია საქმე. ამ ყველაფერს ავტომობილის საჯაროდ შემოწმების შემდეგ გავიგებთ.

Venom F5 Roadster-ი კუპეს ჰგავს, მსგავსება განსაკუთრებით წინა მხარეს შეინიშნება. თუმცა, სალონში ბევრი რამ სხვანაირია. კარბონის სახურავი იხსნება და ის მხოლოდ 8 კილოგრამს იწონის. ასევე, დამატებულია ნაწრთობი მინა, რომელიც გიჟური აგრეგატის დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. სხვათა შორის, ის 537 გრადუსს უძლებს.

ჯორდანი იმ 30 ადამიანიდან ერთ-ერთია, რომელიც F5 Roadster-ს ფლობს. კუპე ვერსია 24 ეგზემპლარად იარსებებს. „როდსტერის“ ფასი 3 მილიონი დოლარია, ხოლო კუპეს სანაცვლოდ მსურველებს 2.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ. ფასის ასეთი სხვაობა საწარმოო ხარჯებმა განაპირობა. შეგახსენებთ იმასაც, რომ მოდელების წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყო.

გაზიარება: