BMW, ჩაძირული ავტომობილები
Aa
Aa

სანაპიროზე დაყენებული BMW-ს კაბრიოლეტი ზღვამ თავისკენ წაიღო

ოკეანის ნდობა არ შეიძლება და ეს ბრიტანეთის მოქალაქემ მწარე გაკვეთილით ისწავლა.

ალბათ, ოკეანის მიქცევისა და მოქცევის შესახებ ერთხელ მაინც გსმენიათ. ამ დროს წყლის დონე მნიშვნელოვნად იცვლება. ამ ფენომენის შესახებ კი BMW 4 Series-ის მფლობელმა მწარე გაკვეთილით გაიგო. ზღვაში შეთრეული მანქანის ამოსატანად სანაპირო დაცვის გამოძახება გახდა საჭირო.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები სამაშველო სამსახურმა გაასაჯაროვა. მათთან ზარი დილის 8 საათზე შევიდა. საბედნიეროდ, მანქანაში არავინ ყოფილა და დაშავებულებიც არ არსებობენ.

მიუხედავად იმისა, რომ „მეოთხე სერია“ წყალს მთლიანად არ დაუფარავს, მისი ამოტანა საკმაოდ რთული საქმე გახლდათ. მაღალი ტალღების გამო, ფანჯრებჩამოწეულ მანქანაში წყალი ყველგან ჩავიდა. 

Facebook-ის პლატფორმაზე გასაჯაროებულ პოსტში სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ასეთი რამ დაწერეს - „პატივცემულო, აქ ავტომობილის გაჩერება არ შეიძლება!“. კადრებში წყლიდან ამოტანილი მანქანაც ჩანს, რომელიც ოკეანის წყლით იცლება. ეს მანქანას შორ პერსპექტივაში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ინციდენტის შესახებ ბრიტანეთის მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა. მათი აზრით, ასეთი შემთხვევების გამო სანაპირო დაცვის რესურსები არ უნდა იფლანგებოდეს. ზოგი მფლობელს ადანაშაულებს იმაში, რომ მან პარკირებაში 3£ დაინანა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ავტომობილის სანაპიროზე გაჩერება კარგი იდეა არასდროსაა.

მსგავსი სიახლეები