Aa Aa
14 ივნისი 2023  |  10:41

ეს ულამაზესი Alpina B12 5.0 ერთ-ერთია 97 ეგზემპლარიდან

Alpina B12-ის 5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 350 ცხენის ძალასა და 470 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

Alpina BMW-ს მოდელების საოცარ გარდასახვებს რომ გვთავაზობს ეს ახალი არავისთვისაა. ეს ისტორია უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. მათი უმეტესობა იმდენად კარგი ავტომობილია, რომ BMW-ს მოდელებსაც სჯობნის. ერთ-ერთი ასეთი მანქანა ეს Alpina B12 5.0-ია.

B12-ის სახელწოდება Alpina-მ პირველად 1988 წლის მეშვიდე სერიაზე გამოიყენა. ჩვენი დღევანდელი გმირი B12 5.0 E31 თაობის მერვე სერიაა, რომელიც სულ 97 ეგზემპლარად არსებობს. ერთ-ერთი მოდელი კი ახლა გასაყიდად შვეიცარიაშია გამოტანილი. მის სანაცვლოდ 131 636$-ს ითხოვენ. 



850i-ის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნისას Alpina-ს ინჟინრებმა მის 5.0-ლიტრიან ატმოსფერულ V12-ს ჯადოქრობები ჩაუტარეს. შედეგად, ეს ძრავა 350 ცხენის ძალასა და 470 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ასეთი შედეგი დგუშების, სარქვლების, ცილინდრის თავაკებისა და გამშვები სისტემის გაუმჯობესების შემდეგ დადეს. ასევე, მოდიფიცირებულია ძრავის კომპიუტერიც. მოდიფიცირებული ძრავა ZF-ის 4-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან დააწყვილეს. სიჩქარე, რა თქმა უნდა, უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

Alpina-მ მერვე სერია სხვა მხრივაც გააუმჯობესა. ქარხნული ამორტიზატორები Bilstein-ით ჩაანაცვლეს. ასევე, დააყენეს 17-იანი მრავალქიმიანი დისკებიც. ვიზუალურად B12-მა ყველა ის გაუმჯობესება მიიღო, რაც Alpina-სთვისაა დამახასიათებელი. მოდელი მუქ ლურჯ ფერშია შეღებილი და ოქროსფერი აქცენტები აქვს.




გამოსვლისას B12-ს 100 კმ/სთ-ის განვითარება 6.8 წამში შეეძლო. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ს აღწევდა.

ეს B12 5.0 იდეალურ მდგომარეობაში. ინტერიერიც და ექსტერიერიც ჩინებულად გამოიყურება. ოდომეტრი 154 000 კმ-ს აჩვენებს.

გაზიარება: