BMW-ს ახალმა ავტონომიურმა სისტემამ 130 კმ/სთ-ით გადაადგილების უფლება მიიღო
2024 წლის მეხუთე და მეშვიდე სერიებში წარმოდგენილი სისტემა - BMW Autobahn Assistant-ი - გერმანიის ავტობანზე 130 კმ/სთ-ს დამოუკიდებლად განავითარებს.
გერმანიის ავტობანები მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას რომ იძლევა ეს ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, BMW-მ მძღოლის დამხმარე სისტემა შექმნა, რომელსაც Autobahn Assistant ჰქვია. ეს პირველი სისტემაა, რომელიც გერმანიის გზებზე მანქანას 130 კმ/სთ-ის დამოუკიდებლად განვითარების ნებას რთავს.
BMW-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ახლახან გერმანიის ფედერალური სატრანსპორტო დეპარტამენტიდან უფლება მოიპოვეს გამოეყენებინათ მეორე დონის ავტონომიური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ავტობანებზე ახლა მაღალ სიჩქარეს არამხოლოდ მძღოლები, არამედ დამოუკიდებლად მართვადი სისტემებიც განავითარებს.
აშშ-ში და კანადაში Autobahn Assistant-ი მძღოლებს საჭიდან ხელების მოცილების უფლებასაც აძლევს. თუმცა, ეს მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. თუმცა, სისტემა მძღოლს ავალდებულებს ყურადღება გზას მიაპყროს და საჭირო მომენტში მანქანის მართვაშიც ჩაერიოს.
შედარებისთვის გეტყვით, რომ Mercedes-ის ანალოგიური სისტემა ასეთ რეჟიმში მაქსიმუმ 64 კმ/სთ-ის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ გრძელ დისტანციებზე გადაადგილებისას ნაკლებად ეფექტურია. BMW-ს Autobahn Assistant-ი კი, რომლის გამოყენებაც ავტობანის კონკრეტულ მონაკვეთებზე არის შესაძლებელი, ამ მაჩვენებელს ორჯერ აუმჯობესებს.
ახალი ტექნოლოგიით უახლესი i5 და მეხუთე სერია აღიჭურვება. ამავე სისტემით ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის მეშვიდე სერია უკვე გამოსული გახლავთ. ის ხაზის ცვლილების გაუმჯობესებულ ტექნოლოგიასაც მოიცავს. მანქანას საგზაო ზოლის ცვლილება 180 კმ/სთ-ზეც შეუძლია.