მსოფლიოში ერთადერთი Jaguar E-Type 4x4, რომელიც Range Rover-ის შასიზე დგას
ამ უნიკალურ ავტომობილს V8 ძრავა აქვს და მის სანაცვლოდ 24 000$-ს ითხოვენ.
Jaguar E-Type-ი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად ითვლება, რაც ოდესმე შექმნილა. განსაკუთრებით მით „როდსტერ“ ვერსიას აფასებენ. ეს ორადგილიანი ელეგანტური ავტომობილია, რომლის ფლობაც ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ამ ავტომობილებს განსაკუთრებულად ეპყრობიან. შესაბამისად, E-Type-ს უჩვეულო ფორმაში ვერ ნახავთ ხოლმე. თუმცა, ვიღაცამ „იაგუარის“ ეს მოდელი 4x4 მონსტრად აქცია.
დაწყნარდით, აღელვების მიზეზი არ გვაქვს. საბედნიეროდ, E-Type-ის ეს კორპუსი ასლია და ის ორიგინალი არ არის. ვიღაცამ ამ ავტომობილის კორპუსი Range Rover-ის ჩარჩოს მოარგო და შთამბეჭდავი „ოფროუდერი“ შექმნა.
საოცარი ისაა, რომ ეს E-Type-ი სრულად ფუნქციურია და თან ბრიტანეთის მკაცრ კანონებს აკმაყოფილებს. მისი გზაზე გადაადგილება ლეგალურია. კლირენსი მასიურია, ხოლო საბურავები უზარმაზარია. ეს ხუთქიმიანი დისკები კი Defender-იდან გახლავთ აღებული.
E-Type-ის ასლი კორპუსი JPR Wildcat-მა დაამზადა. კომპანია პირველი გამოშვების E-Type-ის კორპუსს თითქმის იდენტურად აწყობს. ექსტერიერი კარგ მდგომარეობაშია. მოხსნადია სახურავი. ადგილზეა ყველა სახასიათო დეტალი. ღია ინტერიერში კი Range Rover-ის სიჩქარის პერკეტი და ორ ფერში გაფორმებული სკამები გვაქვს.
eBay-ის პლატფორმაზე ატვირთული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ჩარჩოსებრი შასი 1984 წლის Land Rover Range Rover-ს ეკუთვნის. მანქანა 3.5-ლიტრიანი V8 ძრავითა და 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი. ძალოვანი სისტემა სრულად ამძრავია.
ამ საინტერესო პროექტის სანაცვლოდ ამჟამინდელი მფლობელი 24 000$-ს ითხოვს. შეიძენდით ამ ფასად ამ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.