ეს E30 ახალივითაა, დაბალი გარბენი აქვს და გასაყიდადაა გამოტანილი
ავტომობილი ბრიტანეთშია და მის ოდომეტრზე 2 400 მილია (3 800 კმ) გამოსახული.
E30 თაობის „მესამე სერია“ საქართველოში BMW-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. ამ ავტომობილთან უამრავ ადამიანს დიდი მოგონებები აკავშირებს. სწორედ ამიტომ მოყვარულებში და მათში, ვისაც ამ მანქანის ფლობის ბედნიერება ჰქონიათ E30-ის დანახვა პოზიტიურ ემოციებს აღძრავს.
ზუსტად ასეთი რეალობაა ქვეყნის გარეთაც. E30 ყველგან უყვართ. მარტივი დიზაინის მქონე მოდელი მსუბუქი და სასიამოვნო სამართავია. ბოლო წლებში ამ თაობის „მესამე სერიის“ კარგ მდგომარეობაში შოვნა გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე გართულდა.
მიუხედავად ამისა, ახლა მსურველებს საოცარი შესაძლებლობა ეძლევათ. Historics Auctioneers-მა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ოპერირებს, ახლახან 1991 წლის 316i Lux-ის გასაყიდი განცხადება გამოაქვეყნა. მანქანას სულ რაღაც 2 400 მილი (3 800 კმ) აქვს დაფარული. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი წელიწადში საშუალოდ 120 კმ-ზე მეტს არ გადაადგილდებოდა.
ასეთი დაბალი გარბენის შედეგი ისაა, რომ მანქანის ინტერიერი და ექსტერიერი წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. ავტომობილს 2021 წლამდე მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი თბილ გარაჟში ინახებოდა. წვიმაში კი თითქმის არ მოიხმარდნენ.
რამდენად სასურველიცაა ამ ავტომობილის მდგომარეობა, იმდენად არასასურველია მისი კომპლექტაცია. ეს 316i-ა, რაც ნიშნავს, რომ მისი 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 98 ცხენის ძალასა და 141 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. კოლოფი 4-სიჩქარიანი ავტომატური გახლავთ.
თუმცა, ეს E30 საბაზისო მოდელიც არ არის. მანქანას ალუმინის დისკები, ორი ელექტრო შუშა, ელექტრო სარკეები, კასეტის ჩასადები და ოთხი დინამიკი აქვს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება ეს ავტომობილი აუქციონზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.