Prius, Toyota, დევნა
Aa
Aa

ვიღაცამ პოლიციისგან გაქცევა Prius-ით გადაწყვიტა

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ პოლიციას Prius-ის შესაჩერებლად ათ წუთზე მეტი დასჭირდა.

აშშ-ში დევნის სცენები საკმაოდ ხშირია. ურჩი მძღოლები მძლავრი ავტომობილების საჭესთან ცდუნებას ვერ უძლებენ და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან, ხოლო პოლიციის ბრძანებას არ ემორჩილებიან. ასევე, კრიმინალები ხშირად გასაქცევ ავტომობილად სპორტულ მოდელებს არჩევენ, რათა პოლიციამ მათი შეჩერება ვერ შეძლოს. თუმცა, შემთხვევა, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ ძალზედ უცნაურია. ვიღაცამ პოლიციისგან თავის დაღწევა Toyota Prius-ით გადაწყვიტა. მოულოდნელი კი ისაა, რომ სამართალდამცავებს მის შესაჩერებლად დიდი დრო დასჭირდათ.

დევნა არკანზასის სამხრეთით მიმდინარეობდა. აქ პოლიციელები Dodge Charger-ებს იყენებდნენ. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა მათ ნაცვლად SUV-ები დადიან.

ჩანაწერი ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილიდან არის აღებული. ყველაფერი ჰიბრიდის სწრაფად ჩავლით იწყება. მალე საპატრულო ეკიპაჟი ტრიალდება და ეჭვმიტანილს მისდევს. საგულისხმოა, რომ მათ სამი წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ Prius-ს დასწეოდნენ.

Prius-ის მძღოლი საკმაოდ აგრესიულად გადაადგილდებოდა. ის გზის საპირისპირო მხარეს მოძრაობასაც არ ერიდებოდა. საკვირველია, რომ ასეთ მაღალ სიჩქარეზე მართვისას მძღოლმა შეცდომა არ დაუშვა. როდესაც პოლიციის ეკიპაჟი ავტომობილს მიუახლოვდა ის დაახლოებით 128 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. თუმცა, დევნა მალევე ასწრაფდა და სიჩქარემ 160 კმ/სთ-ს გადააჭარბა. დიახ, „პრიუსი“ ასეთი სწრაფია!

პოლიციელებმა საბურავების გასახეთქი საშუალებაც გამოიყენეს. დამნაშავემ რამდენიმე ასეთ ბარიერს მანქანა აარიდა, მაგრამ ბოლოს მგზავრის მხარეს არსებული ბორბლით მაინც შეეხო. შედეგად, საბურავი მთლიანად დაიფლითა. მძღოლმა გზის გაგრძელება ვერ შეძლო. მალევე პოლიციელებმა Prius-ი გზიდან თავიანთი ავტომობილების მიწოლით გადააგდეს და დევნაც დასრულდა.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. რატომ მისდევდნენ Prius-ს უცნობია. თუმცა, ფაქტი, რომ მათ Prius-ის შესაჩერებლად ამდენი დრო დასჭირდათ ნამდვილად დასაფიქრებელია.

მსგავსი სიახლეები