ამ Rolls-Royce Phantom-ის გამოჩენა ყველას შიშის ზარს დასცემს
Spofec-ის Phantom-ს 24-დუიმიანი დისკები, კორპუსის სპორტული დანამატები, ახალი კომპიუტერი და დადაბლებული დაკიდების სისტემა აქვს.
Spofec-ი Novitec-ის დივიზიაა, რომელიც Rolls-Royce-ის მოდელების გადაკეთებაზეა სპეციალიზებული. ახლახან კი ამ კომპანიამ Phantom-ის განახლებული ვერსია გადააკეთა, რაც ვიზუალურ, მექანიკურ და შასის მოდიფიცირებას მოიცავს.
„ტუნინგ“ ატელიე ასეთივე გარდასახვას Phantom-ის ამ მოდელის პირველი ვერსიის შექმნიდან გვთავაზობდა. ეს უკანასკნელი მდიდრული 4-კარიანი სედანი 2019 წლიდან იწარმოება. უახლესი მოდელისთვის კი კომპანიას ახალი შტრიხები უნდა შემოეტანა. ასე და ამგვარად, მანქანას მეფური ზომის, 24-დუიმიანი დისკები დაუყენეს, რომელიც Vossen-თან კოლაბორაციით შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ Phantom-ი ქარხნულად 22-იანი დისკებით გამოდის.
Spofec-ი ირწმუნება, რომ ალუმინის ახალი დისკები „საოცრად ძლიერია“ და, თანაც, Phantom EWB-ს უხდება. დისკზე არსებული მცირე ზომის ღიობები ისეა ამოჭრილი, რომ მუხრუჭები გააგრილოს. ხრახნებს დიდი ხუფები მალავს. ამ დისკების შეძენა პრიალა ან დამუშავებულ მდგომარეობაში, 72 ფერშია შესაძლებელი. მათზე 295/30 ზომის R24 საბურავი უნდა გადაიკრას.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი „ფანტომი“ ძველს ჰგავს, დეტალები მაინც განსხვავებულია. წინ ახალი დიზაინითაა შექმნილი ბამპერი. გაიზარდა ჰაერის შემშვები არხების ზომაც. ასევე, განახლებულია უკანა ბამპერის დიზაინიც. სპეციალური სპოილერის შეძენა კი დამატებითი ფუნქციონალების სიიდან არის შესაძლებელი.
ცვლილებებია მექანიკურ დონეზეც. ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდების ახალი მოდული მანქანას მიწასთან 40 მმ-ით აახლოებს. გეტყვით იმასაც, რომ კლირენსი 140 კმ/სთ-ზე მაღალ სიჩქარეზე მართვისას ავტომატურად მცირდება.
გაუმჯობესებულია ორტურბინიანი 6.75 ლიტრიანი V12-იც. ქარხნული ძრავის კომპიუტერი შეიცვალა და მის ნაცვლად N-Tronic-ის მოდული დადგა. ახლა Phantom-ი 676 ცხენის ძალასა და 1 010 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქარხნულ მონაცემებთან შედარებით ეს 113 ცხენისძალიანი და 110 ნიუტონ მეტრიანი გაუმჯობესებაა.
„ტუნინგ“ ატელიეს მოდიფიცირებული მანქანის შესახებ ფასი არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის, ვინც ამ ავტომობილის შეძენით დაინტერესდება, უბრალო ციფრები ვერაფრით შეაშინებს.