როდემდე შენარჩუნდება გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რიკოთზე?
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, კიდევ რამდენ ხანს დარჩება რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა ძალაში.
საქმე ის არის, რომ აპრილიდან რიკოთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდეა დაშვებული.
შეზღუდვის დაწესების მიზეზი მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ნაპრალები გახდა, რომელიც ახალ აშენებული გზიდან 200 მეტრის სიახლოვეს მდებარეობს.
„ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი რიკოთის მონაკვეთზე დაწესდა მას შემდეგ, რაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის მონაკვეთი), მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა ნაპრალები. ეს უბანი მდებარეობს არა ახალ აშენებულ, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს.
სპეციალისტების დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ნაპრალების ზრდა და მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც, მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა. დაიწყო შესაბამისი კვლევები და პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გაფართოვდა გზა იმისთვის, რომ გაორმაგებულიყო ე.წ. მიწის დამგროვებელი. ამასთან, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი, რომელიც დღესაც გრძელდება.
დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, დასრულებულია ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და შემუშავებულია ფერდის გამაგრების პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოებიც. დაწესებული სპეციალური რეჟიმი უკვე შემსუბუქდა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის პერიოდი 3 საათით გაიზარდა. სპეციალური რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაც, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება.
მოცემულ ეტაპზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი მაქსიმალურად უზრუნველყოფილია ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოება. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში.
შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს ვუხდით გზით მოსარგებლეებს და სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაციებისთანავე, აღვადგენთ რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების თავისუფალ რეჟიმს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველა ღონეს ხმარობს, ობიექტური ვითარების გათვალისწინებით, რაც შეიძლება დროულად იქნას დაძლეული გზაზე გადაადგილების არსებული დისკომფორტი და უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი იყოს გადაადგილების უსაფრთხოება", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
წყარო: BM.ge