Aa Aa
26 ივნისი 2023  |  11:15

Mazda როტორული ძრავების წარმოებას ისევ დაუბრუნდა

პირველად ათწლეულზე უფრო მეტი ხნის შემდეგ, Mazda როტორული ძრავის მქონე მოდელს სერიულ ავტომობილში განათავსებს.

მრავალწლიანი ტყუილი იმედის შემდეგ, Mazda-მ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სერიულად წარმოებული მოდელი როტორული ძრავით გამოუშვას. მწარმოებელმა ასეთ ძრავით ბოლოს RX-8 გამოუშვა, რომლის წარმოებაც 2012 წლის ივნისში დასრულდა.

ეს კარგი ამბავი გახლავთ. სამწუხაროდ, ცუდი ამბავიც გვაქვს. Mazda ახალ როტორულ ძრავას სპორტულ ავტომობილში არ განათავსებს. დიახ, RX-8-ის ლოგიკური გაგრძელება - RX-9 - არ გამოვა. ამ აგრეგატს ჩვენ MX-30 e-SKYACTIV R-EV-ში ვიხილავთ. ეს „ქროსოვერია“, რომელსაც დამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია აქვს. მოდელს 17.8-კვტ-სთ-იანი ბატარეა აქვს, რომელიც 168-ცხენისძალიან ელექტრო ძრავასთან არის დაკავშირებული. სრული დამუხტვით ის 85 კილომეტრს ფარავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სვლის ეს მარაგი ყოველდღიური გადაადგილებისთვის სავსებით საკმარისია.





თუ უფრო შორ მანძილებზე გიწევთ გადაადგილება, 0.8-ლიტრიანი როტორული ძრავა გააქტიურდება და გენერატორის ფუნქციას შეასრულებს. ასეთი მოწყობის შედეგი ისაა, რომ „ქროსოვერი“ 600 კილომეტრზე მეტს დაფარავს. ეს სრულად ელექტრო MX-30-თან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. სრულად ელექტრო MX-30 სრული დამუხტვით 200 კილომეტრს ფარავს.

როტორულ ძრავასთან დაკავშირებით Mazda-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი იქნება. ახალი აგრეგატი, RX-8-ის Renesis-ის ორროტორიან ძრავასთან შედარებით, 15 კგ-ით მსუბუქია. ასევე, აგრეგატს საწვავის პირდაპირი შეფრქვევისა და გამშვები აირების რეცირკულაციის სისტემები აქვს.

როგორ შეაფასებდით Mazda-ს გადაწყვეტილებას? დააფიქსირეთ თქვენ აზრი კომენტარებში.

გაზიარება: