Aa Aa
28 ივნისი 2023  |  10:34

Pikes Peak-ზე Lamborghini Urus-ის რეკორდის მოსახსნელად BMW XM-ი დაიმტვრა

საბედნიეროდ, პილოტი მეტ მალინსი ავარიას უვნებელი გადაურჩა.

გასულ კვირას Pikes Peak International Hill Climb-ზე BMW-ს Lamborghini-ის რეკორდის მოხსნა ჰქონდა გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, ხართან ბრძოლა დრამატული მარცხით დასრულდა. XM-ის გარბენი ავარიით დასრულდა. მრბოლელი ავტომობილიდან უვნებელი გადმოვიდა, მაგრამ მანქანა ძლიერად დაზიანდა.

BMW XM-ი საკმაოდ ხმაურიანი მოდელია. როცა ვამბობთ „ხმაურიანს“ პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობასაც ვანიჭებთ. ამ ავტომობილის გამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კრიტიკას XM-მა საოცარი მონაცემებით უპასუხა - Red Label-ის კომპლექტაციით მოდელი 738 ცხენის ძალასა და 997 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ასეთ მონაცემებს მისი ორტურბინიანი V8 და ელექტრო ძრავა გვაძლევს. 

რა გასაკვირია, რომ ასეთ მძლავრ ავტომობილს დიდი სახელის მქონე SUV-ებს ვადარებთ? სწორედ ამიტომ BMW-ს Pikes Peak-ზე რეკორდის დამყარება და იმის დამტკიცება სურდა, რომ ახალი „სუპერ ეს იუ ვი“ ზოგ Lamborghini-ზე სწრაფიცაა. Urus Performante-მ გასულ წელს ამაე გზაზე 10:32.06 დროით რეკორდი დაამყარა. საგულისხმოა, რომ მას ელექტრო მხარდაჭერა არ ჰქონია.

XM Red Label-ის საჭესთან მეტ მალინსი მოკალათდა. თუმცა, პირველივე მოსახვევში მან SUV-ის უკანა ნაწილზე კონტროლი დაკარგა. სამწუხაროდ, ღონისძიების კომენტატორებმა ავარიის შესახებ 20 წუთის შემდეგ გაიგეს. BMW კამერის ობიექტივში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის უკვე ევაკუატორზე განათავსეს. მანქანა საკმაოდ ძლიერად იყო დაზიანებული. რა გახდა ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია.

„სამწუხაროდ, ჩვენი იმედები, რომ BMW XM-ი დღეს რეკორდს მოხსნიდა სარბოლო ინციდენტით დასრულდა. პილოტი მეტ მალინსი იმედგაცრუებულია, მაგრამ არ დაშავებულა. ახლა მანქანის შეკეთებას დავიწყებთ და რეკორდის დამყარებას ზაფხულის მეორე ნახევარში ისევ ვცდით“ - ნათქვამია BMW-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება: