ეს მსოფლიოში ერთადერთი სარბოლო Koenigsegg-ია და გასაყიდადაა გამოტანილი
აუქციონის სახლის პროგნოზით, მანქანა 3.8-დან 5 მილიონ დოლარამდე შეფასდება.
იყო დრო, როდესაც Koenigsegg-ს ავტორბოლებში ჩართვა სურდა. თუმცა, ერთი ავტომობილის შექმნის შემდეგ, მათ ამ გეგმებიდან გადახვევა მოუწიათ. ეს ერთი ავტომობილი კი სურათზე ნაჩვენები CCGT GT1 Competition Coupe-ა, რომელიც ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანას საინტერესო ისტორია და მხეცური შესაძლებლობები აქვს.
Koenigsegg-მა CCGT-ის პროგრამაზე მუშაობა 2003 წელს დაიწყო. დებიუტი 2007 წელს შედგა. მოდელი GT1 Class-ში საასპარეზოდ შექმნეს. სარბოლო პროგრამის ხელმძღვანელი დაგ ბიოლენიუსი იყო, რომელიც საინჟინრო საქმიანობაშიც იყო ჩართული.
სამწუხაროდ, ავტომობილს სარბოლო სერიებში არ მიუღია მონაწილეობა. FIA-მ და ACO-მ GT1 Class-ისთვის რეგულაციები შეცვალეს. ახალი სტანდარტის მიხედვით, მწარმოებელს 20 მანქანის ნაცვლად 350 უნდა შეექმნა. ეს კი „კოენიგსეგის“ გეგმებში არ შედიოდა.
სწორედ ამიტომ, ერთადერთი ავტომობილი, რომელიც საინჟინრო გუნდმა შექმნა სურათზე ნაჩვენები მოდელია. შესაბამისად, მანქანის ღირებულება მაღალია. აუქციონის სახლის პროგნოზით, CCGT GT1 3.8-დან 5 მილიონ დოლარამდე იქნება.
ამ ლამაზი ფორმების კორპუსის ქვეშ 5-ლიტრიანი, 32-სარქვლიანი V8-ა, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა მიმდევრობით გადაცემათა კოლოფთან არის დაწყვილებული. დისკებზე კი Michelin-ის პრიალა საბურავია გადაკრული.
CCGT GT1-ის მდგომარეობა წუნდაუდებელია. ავტომობილი მთელი ეს წლები ისეთ ფარეხში ინახებოდა, სადაც ტემპერატურა და სიმშრალე კონტროლდებოდა. ძრავას ორჯერ ჩაუტარდა სრული სერვისი.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ავტომობილის ასეთი მაღალი ფასი გასაკვირი არ არის.