კორონავირუსის კიდევ ერთი დარტყმა ფორმულა 1-ზე
ბაჰრეინის გრან პრი 20-23 მარტს გაიმართება, თუმცა მას მაყურებელი ვერ დაესწრება.
გრან პრის ორგანიზატორებისა და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბაჰრეინის ეტაპი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. რბოლას ტელევიზიები პირდაპირ ეთერში ჩვეულებისამებრ გადასცემენ, თუმცა მას მაყურებლები ვერ დაესწრებიან.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელიც უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და ათასობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. გრან პრის ორგანიზატორების განცხადებაში წერია, რომ ისინი საზოგადოების დიდი რაოდენობით თავშეყრას, რასაც დაავადების გავრცელება შეუძლია, ვერ დაუშვებენ.
ბილეთების გაყიდვა ორგანიზატორებმა შეაჩერეს, თუმცა რა ბედი ელით მათ, ვისაც ბილეთი უკვე შეძენილი აქვთ ჯერ უცნობია.
ფორმულა 1-ის კალენდარში ჯერ ოფიციალურად მხოლოდ ჩინეთის რბოლა გაუქმდა. თუმცა, იტალიამ ზოგიერთ რეგიონში კარანტინი უკვე გამოაცხადა, რამაც შესაძლოა „ფერარის“ გუნდს და საბურავების მწარმოებელ „პირელის“გადაადგილებაში ხელი შეუშალოს, რაც საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ეტაპებისთვისაც საფრთხე აღმოჩნდება.