Ferrari, დრიფტი, Daytona SP3
Aa
Aa

2.2-მილიონიანი „სუპერქარის“ მფლობელი ბალახში „დრიფტს“ არ ერიდება

Ferrari Daytona SP3 6.5-ლიტრიანი V12-ით არის აღჭურვილი, რომელიც 829 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Ferrari Daytona SP3-ის 599 ეგზემპლარად გამოშვებას გეგმავს. ავტომობილის საწყისი ფასი 2.2 მილიონი დოლარია. ასეთი მაღალი ღირებულების გამო, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რომ მფლობელები ამ ავტომობილს გასართობად გაიმეტებენ და არ მოუფრთხილდებიან. ერთ-ერთი ეგზემპლარის მფლობელი კი თავის Daytona SP3-ს ასე არ ეპყრობა.

YouTube-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრიტანეთის ერთ-ერთი საავტომობილო ღონისძიების გამორჩეული მომენტების ხილვაა შესაძლებელი. კადრებში Daytona SP3-იც ჩანს. მოდელი Rosso Libano-ს ფერშია შეღებილი. მისი მფლობელი არამარტო სწრაფად გადის აღმართის დაძლევას, არამედ მინდორში „დრიფტსაც“ არ ერიდება.

ამ ლამაზი კორპუსის ქვეშ Ferrari Daytona SP3 6.5-ლიტრიან ატმოსფერულ V12-ს მალავს, რომელიც 9 250 ბრუნზე 829 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა ორმაგი გადაბმულობის მქონე 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. დიფერენციალი კი ბლოკირებადია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელს SF90 Stradale-ს მსგავსი ჰიბრიდული აგრეგატი და მისი „ბენეფიტები“ არ აქვს, 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 2.8 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ის აღწევს.

მაშინ, როდესაც „სუპერქარები“ თანდათანობით ელექტრო აგრეგატებსა და ტურბოდაბერვის მქონე ძრავებს ითვისებენ, Daytona SP3 ატმოსფერული აგრეგატით არის აღჭურვილი. ამ მაღალი ბრუნის მქონე მოდელს კი სწორედ ამიტომ აფასებენ. შესაბამისად, ამ ავტომობილით ისე გართობა, როგორაც ჩვენი დღევანდელი გმირის მფლობელი ერთობა დიდ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, Daytona SP3-ის საჭის მორგება დიდი ცდუნებაა.

მსგავსი სიახლეები