პარკირება, კანონები, პარიზი, საფრანგეთი
Aa
Aa

პარიზი დაბინძურებას SUV-ებისთვის სადგომის საფასურის გაძვირებით ებრძვის

ახალი კანონი ძალაში 2024 წლის პირველ იანვარს შევა.

როგორც წესი, SUV-ები სედანებთან, უნივერსალებთან და „ჰეჩბეკებთან“ შედარებით, უფრო დიდი ზომისაა და მეტს იწონის. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში კი მიაჩნიათ, რომ ქალაქის გამონაბოლქვით დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ასეთი ტიპის ავტომობილებია. სწორედ ამიტომ, „პარკირების“ გადასახადის გამოსათვლელად ავტომობილის ზომა, წონა და ძრავის მოცულობა იქნება გათვალისწინებული.

პარიზის საბჭომ კანონის მიღება გასულ თვეს დაადასტურა. სხდომაზე აღნიშნეს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში პარიზში დიდი ზომის SUV-ების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა. SUV-ები პარიზის ავტოპარკის 15%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.15 მილიონი ავტომობილია.

„გვსურს პარიზში სადგომზე დგომის საფასური გადაიხედოს და ის ავტომობილის ზომისა და წონის მიხედვით დაწესდეს,“ განაცხადა საბჭოს წევრმა. „მიზანი ქალაქში დიდი და მძიმე ავტომობილების მომრავლების შენელებაა“, - დაამატა მან.

ახალი კანონი ძალაში 2024 წლის პირველ იანვარს შევა. ეს ნიშნავს, რომ პარიზში SUV-ის მძღოლები სადგომზე მეტს გადაიხდიან. თუმცა, აღსანიშნია, რომ ელექტრომობილები გამონაკლისი შემთხვევა იქნება. შეზღუდვა მხოლოდ შიგაწვის ძრავის მქონე SUV-ებს შეეხება.

მსგავსი კანონი წლის დასაწყისში ლიონშიც დააანონსეს. სიდიდით ის საფრანგეთის მესამე ქალაქია.

როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს ამ კანონის მიღება? უნდა მოქმედებდეს თუ არა მსგავსი კანონი ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებშიც? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები