Alfa Romeo BMW-ს და Mercedes-ს მასიურ ეკრანებში არასდროს შეეჯიბრება
Alfa Romeo-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი ავტომობილების მოყვარულებს დიდი მონიტორები და მძღოლის დამხმარე სისტემები არ მოსწონთ.
თანამედროვე ავტომობილების ინტერიერში ორი დეტალი დომინირებს: ციფრული მაჩვენებელთა დაფა და მულტიმედიის სისტემა.
დროთა განმავლობაში ავტომობილების ინტერიერებში ეკრანების ზომა სულ უფრო და უფრო იზრდება. 2024 წლის Chevrolet Traverse-ს 17.7-დუიმიანი მულტიმედიის ეკრანი ექნება. გახსოვთ ის დრო, როდესაც კომპიუტერებზე ამ ზომის მონიტორები სოლიდურად ითვლებოდა? ზუსტად ამას ვგულისხმობთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრენდი გლობალურია, მას გარკვეული კომპანიები მაინც ემიჯნებიან. ერთ-ერთი ასეთი მწარმოებელი Alfa Romeo-ა. Autocar-თან საუბარში იტალიური ავტომწარმოებლის ხელმძღვანელმა, ჟან-ფილიპ იმპარატომ თქვა, რომ ის პატივს სცემს Mercedes-ის ციფრულ ტექნოლოგიას. მაგრამ მისი ავტომობილის მსურველებს არ სურთ სალონებში „ორმეტრიანი“ მონიტორები და მძღოლის დამხმარე 200 სისტემა.
კვლევამ აჩვენა, რომ ამის ნაცვლად Alfa Romeo-ს მფლობელებს უფრო ტრადიციული ხასიათის ინტერიერი და მაჩვენებელთა დაფები მოსწონთ.
აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა ისიც, რომ კომპანია მომხმარებლებს სასურველი მაჩვენებელთა დაფისა და მონიტორის არჩევანს შესთავაზებს. როგორც ჩანს, Alfa Romeo-ში ფსონს მართვაზე და მართვის სიამოვნებაზე აკეთებენ.
ეთანხმებით ჟან-ფილიპ იმპარატოს ხედვას? როგორია თქვენთვის იდეალური ინტერიერი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.