ამ Lamborghini-დან მძღოლი უვნებელი გადმოვიდა
შემთხვევამდე 20 წუთით ადრე პოლიციამ დააფიქსირა, რომ ეს ავტომობილი 80 კმ/სთ-იან ზონაში 162 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.
18-ბორბლიანი სატვირთოს ქვეშ შევარდნილი Lamborghini Aventador-ის მძღოლს გაუმართლა, რომ ის უვნებლად გადარჩა. შემთხვევა აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მოხდა. ეს ყველაფერი ძალზედ მძიმედ შეიძლებოდა დასრულებულიყო.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებში ჩანს, რომ Aventador-ი სატვირთო ავტომობილის უკანა ნაწილში მთლიანად არის შევარდნილი. ავტომობილზე დაწოლა იმდენად მაღალი იყო, რომ Lambo-ს საბურავები აქვს გახეთქილი.
ჯორჯიის შტატის პოლიციის განყოფილებაში შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება შევიდა. პოლიციელები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ნაცრისფერი „ლამბორგინი“ ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. 36 წლის სპენსერ ჰაიდი თავის სპორტულ მანქანას 162 კმ/სთ-ით მართავდა.
მაშინ, როდესაც პოლიცია ავტომობილს ეძებდა, სპეციალურ სამსახურში მომდევნო ცნობა მიიღეს. სპორტული ავტომობილი სატვირთო მანქანას იყო დაჯახებული. სავარაუდოდ, სპენსერ ჰაიდი სატვირთოს მაღალი სიჩქარით შეუვარდა. აღსანიშნია, რომ სატვირთო ავტომობილი არ იდგა. ის გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად გზატკეცილი ერთი საათის განმავლობაში გადაკეტეს.
ალბათ, არავინ ელოდა, რომ ამ ავარიას „სუპერქარის“ მძღოლი გადაურჩებოდა. მანქანის წინა ნაწილი სრულად განადგურებულია. „ავენტადორს“ წინა ბორბლები აღარ აქვს. ასევე, დაზიანებულია სახურავი და ძრავის განყოფილება.
საბედნიეროდ, შემთხვევას მძღოლი უვნებლად გადაურჩა. ეს ორი რამის დამსახურებაა: Lamborghini-ის უსაფრთხოების გუნდისა და სპენსერ ჰაიდის იღბლიანობის.