რაკეტა დიზელზე - Manhart-ის მიერ მოდიფიცირებული BMW M340d
Manhart-ის მიერ გადაკეთებული BMW M340d 380 ცხენის ძალასა და 770 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.
ევროპაში BMW M340d-ს უცნაურ ავტომობილად მიიჩნევენ. ეს სპორტული ხასიათის სედანია, რომელსაც M-ის ლოგოები ამშვენებს. წარმადობით ის ბენზინისძრავიან M340i-ის მცირედით ჩამორჩება, თუმცა საწვავის ეკონომიის მხრივ დიდი განსხვავება არ არის. გერმანულმა „ტუნინ“ ატელიემ, Manhart-მა, გამოსავლის ძიება დაიწყო და M340d-ის წარმადობის მიახლოება მის ბენზინისძრავიან ძმასთან სცადა.
MH3 400D-ის სახელით გამოშვებულ ქმნილებას არამხოლოდ წარმადობა, არამედ ვიზუალური გაუმჯობესებებიც გამოარჩევს. მოდიფიცირება ძრავის განყოფილებიდან იწყება. ატელიემ სტანდარტული, 340 ცხენის ძალა და 700 ნიუტონ მეტრი მცირე ჩარევებით 380 ცხენისძალამდე და 770 ნიუტონ მეტრამდე გაზარდა. შედარებისთვის, M340i 382 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. საინტერესო პაექრობაა, არა?
ძრავის პროგრამირების გაუმჯობესებასთან ერთად მოდელს ახალი გამშვები სისტემაც აქვს. ასევე, რეგულირებადია სარქვლები.
ავტომობილის რეგულარული მოდელისგან გამოსარჩევად, Manhart-მა კორპუსის დეტალებზე ვერცხლისფერი და წითელი ზოლები დაიტანა. ასევე, გვაქვს კარბონის უამრავი დანამატი. მათ შორის, კარბონისაა სახურავი და კაპოტი. ატელიემ M Performance-ისგან უფრო აგრესიული დიფუზორიც გადმოიტანა. MH3 400D-ის H&R-ის რეგულირებადი ამორტიზატორებიც აქვს, რომელიც ავტომობილის კორპუსს მიწასთან წინ 40 მმ-ით, ხოლო უკან 30 მმ-ით აახლოებს.
რა თქმა უნდა შეცვლილია დისკები. წინ 20x9, ხოლო უკან 20x10.5 ზომის დისკები გვაქვს. წინ 255/30-იანი საბურავია გადაკრული, უკან კი 275/30-იანი რეზინებია მორგებული. Manhart-ის მოდიფიკაციებს სალონში კარბონის დეტალები და ლოგოები ამრგვალებს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე MH 400D-ის ფასი უცნობია.