Pininfarina-ს გიჟურ კონცეპტ PURA Vision-ს 6 კარი აქვს
Pininfarina კარების ამ უნიკალურ დიზაინს Biscotto-ს უწოდებს, რაც ქართულად ორცხობილას ნიშნავს.
Automobili Pininfarina-მ ახალი კონცეპტი წარმოგვიდგინა, რომელსაც PURA Vision-ი ჰქვია.
დიზაინის იტალიური კომპანიის თქმით, ეს Pininfarina-ს წიგნში ახალი თავის დასაწყისია.
დასაწყისისთვის უნდა ვთქვათ, რომ აქამდე მსგავსი არაფერი გვინახავს.
გარეგნულად, ეს კომპაქტური SUV-ია, რომელიც კუპესაც ჰგავს.
ბრენდი მას Luxury Utility Vehicle-ს უწოდებს.
აქამდე ტერმინი LUV არ გამოგვიყენებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა მოგვიწევს.
ყველაზე საინტერესო კარების განლაგებაა. წინ ორი კარია, უკანაც ორი და ისინი ჰორიზონტალურად იღება.
დამატებით, კიდევ 2 კარია, რომლებიც ვერტიკალურად იწევა. თოლიის ფრთის ფორმის კარის მსგავსად.
Pininfarina ამ დიზაინს Biscotto-ს უწოდებს, რაც ქართულად ორცხობილას ნიშნავს.
კონცეპტს 1947 წლის Cisitalia-ს გავლენა ეტყობა. კორპუსი კარბონისაა.
თვალში მასიური 23-იანი დისკები და ძალიან წვრილი LED მაშუქები გვხვდება.
ინტერიერი მინიმალისტურია.
კონცეპტს მართვის სამი რეჟიმი აქვს: Calma, Energica და Furiosa, ანუ წყნარი, ენერგიული და ბრაზიანი.
სალონში ვეგანური ტყავია გამოყენებული.
მოხვდება ეს კონცეპტი წარმოებაში? ამჯერად Pininfarina მხოლოდ Battista ჰიპერქარს უშვებს, რომელიც $2.2 მილიონი ღირს.
PURA სრულიად განსხვავებული მხეცია და მას ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგება შეუძლია. ამიტომ, მომავალში შესაძლოა სერიულ წარმოებაშიც ვიხილოთ.