როგორც იქნა! – Bugatti Chiron SS-ი Rimac Nevera-ს წინააღმდეგ
არის თუ არა ახალი Rimac Nevera საკმარისად სწრაფი იმისთვის, რომ Bugatti Chiron SS-ს გაუწიოს კონკურენცია?
როგორც მოგეხსენებათ გასულ წელს მათე რიმაცმა Rimac-ი და Bugatti ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა. ამ პარტნიორობით მომავალში მსოფლიოში უსწრაფესი „სუპერქარების“ შექმნა იგეგმება. თუმცა, იქამდე საინტერესოა რა შანსები აქვთ ერთმანეთთან კომპანიების დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილ ყველაზე სწრაფ მოდელებს.
Rimac Nevera-სა და Bugatti Chiron SS-ის „დრაგი“ ის დაპირისპირებაა, რომელსაც თითოეული ავტომოყვარული მოუთმენლად ელოდებოდა. ახლახან კი ოჰაიოში ამ უძვირესი და უძვირფასესი ავტომობილების დუელი გაიმართა. სრული ვიდეოს ნახვა Triple F Collection-ის YouTube არხზე არის შესაძლებელი.
ეს არის რბოლა სადაც „წარსულის“ ტექნოლოგია „მომავლის“ ტექნოლოგიას უპირისპირდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეპოქალური „დრაგია“. Bugatti თავისი 16-ცილინდრიანი შიგაწვის ძრავის მქონე აგრეგატით ყველაზე მძლავრი ელექტრო ძრავითა და ბატარეებით აღჭურვილ Rimac-ს უპირისპირდება.
აღსანიშნია, რომ შეჯიბრება ოფიციალური წარმომადგენლების მიერ არ მოწყობილა. Chiron SS-იც და Nevera-ც კერძო მფლობელობაშია და სწორედ მეპატრონეებმა გადაწყვიტეს დუელის მოწყობა.
რბოლის დასასრული, ალბათ, კარგად ჩახედული ავტომოყვარულებისთვის მოსალოდნელი იყო. Nevera ადგილიდან რაკეტასავით ფრინდება. მას პიკური სიმძლავრე მყისიერად აქვს. თუმცა, Chiron SS-ის 1 577 ცხენის ძალა და 1 600 ნიუტონ მეტრი ხელწამოსაკრავი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. როგორ დასრულდა ეს „დრაგი“? ნახეთ ზემოთ მიბმული ვიდეო.