საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა
საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება, - ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება.
აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად:
"1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში.
ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი."- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
რაც შეეხება აქამდე არსებულ ინფორმაციას, 13 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა ჩვენს წყაროს წერილობით აცნობა, რომ 25 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელი იქნებოდა იმ ავტომობილების ექსპორტზე გატანა, რომელთა გატანაზეც ხელშეკრულება 25 ივნისამდე გაფორმდა, რასაც სანქციების მეთერთმეტე პაკეტი ითვალისწინებდა:
"რაც შეეხება, მე-11 პაკეტით განსაზღვრულ ცვლილებას, რომელშიც მოცემულია 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში შეყვანის შეზღუდვა გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზე EU No 833/2014 კონსოლიდირებულ ვერსიაში ამ დრომდე არ არის ასახული. ამასთან, ცვლილება არ შეეხება ყიდვა-გაყიდვას იმ ავტომობილებისა, რომლებზეც არსებობს 25 ივნისამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის აღსრულებაც 25 სექტემბრამდე განხორციელდება,"- აღნიშნული იყო შემოსავლების სამსახურის პასუხში.
შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 3,786 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:
1) ყირგიზეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840, ერთის საშუალო ფასი $40.4 ათასი, ზრდის ტემპი 1673%
2) ყაზახეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი, ზრდის ტემპი 694%
3) აზერბაიჯანი - $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი, ზრდის ტემპი 75%
4) სომხეთი - $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი, ზრდის ტემპი 1159%
5) რუსეთი - $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, ზრდის ტემპი 274%
6) ტაჯიკეთი - $16 მლნ, მანქანების რაოდენობა 1,435, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი, ზრდის ტემპი 307%
7) ბელგია - $11 მლნ, მანქანების რაოდენობა 232, ერთის საშუალო ფასი $48 ათასი, კლება წინა წელთან -24%
8) უკრაინა - $7 მლნ, მანქანების რაოდენობა 519, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, კლება წინა წელთან -78%
9) არაბთაგაერთიანებულისაამიროები - $6 მლნ, მანქანების რაოდენობა 86, ერთის საშუალო ფასი $75 ათასი, ზრდის ტემპი 6%
10) თურქეთი - $4 მლნ, მანქანების რაოდენობა 219, ერთის საშუალო ფასი $20 ათასი, ზრდის ტემპი 234%
წყარო: BM.ge