AMG, Mercedes, ელექტრომობილი
Aa
Aa

2024 წლის Mercedes-AMG EQE ყველასთვის საყვარელი საოჯახო ავტომობილი იქნება

AMG-ის პირველი სრულად ელექტრო SUV-ი 677 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტოსამყარომ ახლახან Mercedes-ის უახლესი ქმნილება Mercedes-AMG EQE-ის SUV იხილა. ავტომობილი 2024 წელს გამოვა და მისი საწყისი ფასი 110 450 $ იქნება. იაფი ნამდვილად არ არის, არა? ამას თავისი მიზეზი აქვს.

AMG-ის პირველი ელექტრო SUV-ი 2022 წელს გასაჯაროვდა. საწარმოო ვერსია კი პირველი „ქროსოვერია“, რომლის საბაზისო მოდელებიც ბევრი ფუნქციონალით არის წარმოდგენილი. მათ შორისაა ძვირადღირებული პნევმატიკური დაკიდების სისტემაც, რომელსაც AMG Ride Control+ ჰქვია. სისტემას ადაპტირებადი ამორტიზატორები, უკანა ბორბლების მოხვევა და სხვა მახასიათებლები აქვს. ასევე, სტანდარტულია ცნობილი MBUX Hyperscreen-ი, რაც 12.3-დუიმიან ეკრანსა და 17.7-დუიმიან ცენტრალურ მონიტორს აერთიანებს. 12.3-დუიმიანი ეკრანი აქვს მძღოლის გვერდით მჯდომ მგზავრსაც.




სტანდარტულია „ნაპას“ ტყავიც და Burmester 3D ხმის სისტემაც. ეს ყველაფერი კი ცოტა ნამდვილად არ არის.

ახლა ავტომოყვარულებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხზე - წარმადობაზე გადავალთ. Mercedes-AMG EQE SUV-ი ორი ელექტროაგრეგატით არის აღჭურვილი - თითოეული თითოეულ ღერძთან. მისი სიმძლავრე 617 ცხენის ძალასა და 950 ნიუტონ მეტრს შეადგენს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ 9 სართულიანი შენობა ერთი ქალაქიდან მეორეში წაიღოთ (არავის გაუკეთებია, ვხუმრობთ). ეს ყველაფერი არ არის. კომპანია მომხმარებელს AMG Dynamic Plus ვერსიასაც სთავაზობს, რომელიც სიმძლავრეს 677 ცხენის ძალამდე და 1 000 ნიუტონ მეტრამდე ზრდის. მისი დახმარებით კი უკვე ქალაქების ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადატანა იქნება შესაძლებელი (იუმორს ნუ დაგვიწუნებთ, ვცდილობთ).




კარგ აღჭურვილობასა და საოცარ წარმადობას პრაქტიკულობაც ემატება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ოჯახებისთვის ეს ავტომობილი პოპულარული იქნება. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ელექტრომობილების სამყაროში AMG EQE-ის ღირებულება შესაძლოა გამართლებულიც იყოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ავტომობილს? არის თუ არა ის ზედმეტად ძვირი? იქნებ ზედმეტად მძლავრია? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

მსგავსი სიახლეები