მძღოლს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და მანქანა წყალში ჩავარდა
პოლიციამ ინციდენტის გამომწვევ მიზეზად ავტომობილის დაუდევრად გაჩერება დაასახელა.
ავტომობილის გაჩერება დაღმართზე იმ შემთხვევაშია უსაფრთხო თუ ხელის მუხრუჭის არსებობას არ დაივიწყებთ. სამწუხაროდ, ინდოეთში, Honda Brio-ს მძღოლს ეს გამორჩა და მანქანა წყალში ჩავარდა. შემთხვევა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან რისკის ქვეშ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე დადგა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. მიწაზე დააბრუნეს მანქანაც.
ზემოთ მიბმული კადრები Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. პატარა „ჰონდა“ ბორცვზე იყო გაჩერებული. ავტომობილი უცბად დაიძრა, კლდეზე ჩაგორდა, ამოტრიალდა და წყალში ჩავარდა. ადამიანი კი, რომელიც მანქანის გაჩერებას ცდილობდა, თავი ვერ შეიმაგრა და ავტომობილს გადაჰყვა.
Times Now-ს ინფორმაციით, ინციდენტი ინდოეთში, ერთ-ერთ ჩანჩქერზე მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ ამბობენ, რომ მანქანამ დაგორება საბარგულის მძლავრად დაკეტვის შემდეგ დაიწყო. ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელის მუხრუჭი არ იყო ამოწეული.
ამ აზრს ამყარებს პოლიციის დასკვნაც. ისინი შემთხვევის გამოწვევის მიზეზად დაუდევარ „პარკირებას“ ასახელებენ.