Aa Aa
14 აგვისტო 2023  |  11:16

BMW i7 პირველი შეჯავშნული ელექტრომობილია და ის ძალზედ ნელია

საბედნიეროდ, BMW დაცვის ამავე საშუალებებით V8-ძრავიან მეშვიდე სერიასაც გვთავაზობს.

BMW-მ ახლახან მეშვიდე სერიის შეჯავშნული მოდელები წარმოგვიდგინა. ერთ-ერთი კი i7 გახლდათ, რომელიც ისტორიაში პირველი შეჯავშნული ელექტრომობილის სახელით შევა. ამ ავტომობილს VR9 ბალისტიკური დაცვა აქვს, რაც მგზავრების კრიტიკულ სიტუაციებში დაცვას უზრუნველყოფს.

ბავარიულ ფირმას შეჯავშნული ავტომობილების შექმნის დიდი ისტორია აქვს. ისინი ამ მოდელებს ქარხნულად ამზადებენ. შესაბამისად, მომხმარებლებს ახალი მეშვიდე სერიის „ტანკ“ ვერსიებს თავადვე სთავაზობენ. ეს ავტომობილები ოფიციალური პირებისთვის არის განკუთვნილი და მათ სპეციალური მახასიათებლები აქვთ. სტანდარტულ და შეჯავშნულ მოდელებს შორის კი ვიზუალური განსხვავება არ არსებობს.




Protection ვერსიები სტანდარტულად M Sport პაკეტით გამოდის და BMW Individual-ისგან პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა.

მთლიან კორპუსს ტყვიებისა და ასაფეთქებლებისგან დასაცავად შეჯავშნული ფოლადი იცავს, რომელსაც კომპანია BMW Protection Core-ს უწოდებს. ეს პაკეტი ავტომობილს ქვემოდანაც იცავს. ასევე, სქელია მინები. საწვავის ავზი კი კიდევ უფრო დაცულია. კომპანია აცხადებს, რომ მანქანა დრონით განხორციელებულ თავდასხმებსაც უძლებს. სალონში დამატებით სუფთა ჰაერის მიწოდების სისტემა იქნება დამონტაჟებული. ასევე, ინტერიერში ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში ავტომატური ცეცხლმაქრი სისტემაა გააქტიურდება.




საგულისხმოა, რომ მთელი ამ დამატებით მახასიათებლებს მსხვერპლად კომფორტულობა არ შესწირეს. პირიქით, ის ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დატვირთულია. მანქანაში გარე მიკროფონების გამოყენების ხმები ისე შემოდის, რომ არც ერთი ფანჯარა ან კარი იყოს ღია. ავტომობილს სალონში 28 დინამიკი აქვს. თქვენ 7.1 სისტემით ამაყობდით, არა?

პირველი BMW i7 Protection-ი xDrive 60-ზეა დაფუძნებული, მაგრამ M70 xDrive-ის კომპონენტებსაც იყენებს. ორი ელექტრო ძრავა ერთად 536 ცხენის ძალასა და 745 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდება. სამწუხაროდ, დამატებითმა წონამ ავტომობილის წარმადობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. შეჯავშნულ i7-ს 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად, 4.7 წამის ნაცვლად, 9 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე ელექტრონულად არის შეზღუდული. BMW-ს სვლის მარაგის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ის აუცილებლად შემცირდებოდა.



i7 Protection-ის ძმა „მაილდ-ჰიბრიდული“ აგრეგატით არის აღჭურვილი. მას 4.4-ლიტრიან V8 ძრავა აქვს, რომელიც 523 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს ვერსია i7 Protection-ზე სწრაფია. 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად მას 6.6 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ია.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, შეჯავშნული „შვიდიანების“ ფასის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება: